ჭადრაკი

22:13 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობას ბოლო ტური გაარკვევს

ერთი ტურიც და, დასრულდება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

ბოლოსწინა, მე-10 ტური მოულოდნელობით დახუნძლული აღმოჩნდა. სენსაციური შედეგით დასრულდა ბოლო ადგილზე მყოფ ეროვნულ ოსტატ ლიკა კობეშავიძისა და საერთაშორისო დიდოსტატ სოფო გურამიშვილის შეხვედრა, რომელიც ტურნირზე მე-2 რეიტინგით თამაშობს ერთპიროვნულ ლიდერ ნინო ხურციძის შემდეგ. ყველასათვის მოულოდნელად, კობეშავიძემ შეძლო მე-5 ადგილზე მყოფ გურამიშვილის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მართალია, ვერ მოიგო, მაგრამ არც წაუგია და საპატიო ყაიმს მიაღწია კიდევ ერთმა აუტსაიდერმა, ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა ეროვნულმა ოსტატმა ანა კუჭავამ, რომელიც საერთაშორისო დიდოსტატ სოფო გვეტაძეს ეთამაშებოდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე, ერთადერთი ქულა კობეშავიძესთან შეხვედრაში ჰქონდა მოპოვებული კუჭავას. მორიგი გამარჯვება მოიპოვა ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ნინო ხურციძემ, რომელმაც შავებით, ამჯერად ინგა ხურცილავას მოუგო.

დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრები ხურციძის უახლოესი მდევრების: მაია ლომინეიშვილის, ნინო ბაციაშვილისა და სალომე მელიას მონაწილეობით. აღნიშნული მოჭადრაკეებიდან, ერთმანეთს II-III ადგილებზე მყოფი ბაციაშვილი და ლომინეიშვილი დაუპირისპირდნენ. ბაციაშვილმა შეძლო გამოცდილი მეტოქის დამარცხება და ოქროს მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ლომინეიშვილი მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდა.

რაც შეეხება მელიას, იგი ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ სოფო ხუხაშვილს ეთამაშებოდა. აღნიშნული წყვილის პარტია, თითქმის 6 საათს გაგრძელდა და საბოლოოდ ყაიმით დასრულდა.

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, მაკა ფურცელაძემ შეძლო მერი არაბიძის დამარცხება და საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ტურში, ერთმანეთს I-II ადგილებზე მყოფი ხურციძე და ბაციაშვილი დაუპირისპირდებიან - ამ შეხვედრაში გაირკვევა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა.

 

 

სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ:

 I - ხურციძე - 8 ქულა

II – ბაციაშვილი - 7,5

III – IV - ლომინეიშვილი, მელია - 6,5-6,5 

V - VI -  გურამიშვილი, ფურცელაძე - 5,5-5,5

VII – IX - ხუხაშვილი, გვეტაძე, ხურცილავა - 5,0-5,0    

X – არაბიძე - 3,0   

XI – XII – კობეშავიძე, კუჭავა  1,5-1,5

 

 მეთერთმეტე ტურის შეხვედრები:

 ხურციძე - ბაციაშვილი

 გურამიშვილი - ხურცილავა    

 არაბიძე - კობეშავიძე  

 მელია - ფურცელაძე

 ლომინეიშვილი - გვეტაძე 

 კუჭავა - ხუხაშვილი   

 

0.147361