რუსეთის ნაკრებისა და ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ – “ვაშინგტონ კაპიტალზის” 28 წლის ფორვარდი, ალექსანდრ სიომინი საკუთარ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ, კრასნოიარსკში უნდა ჩატარებულიყო.
ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორი გოლის ავტორის გამოჩენას, 30 ჟურნალისტი უშედეგოდ ელოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა კრასნოიარსკის მხარის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრ – სერგეი გუროვსაც უნდა მიეღო, რომელსაც სურდა, რომ სპორტსმენისთვის წარმატება პირადად მიელოცა.
ორგანიზატორები სიომინის სახლის სატელეფონო ნომერზე საათის განმავლობაში რეკავდნენ, რადგან მობილური გამორთული ჰქონდა. ბოლოს ალექსანდრმა აღიარა, რომ ჩაეძინა და პრესასთან ლაპარაკს არ აპირებდა.
კრასნოიარსკის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, გულშემატკივრებთან შეხვედრა, უახლოეს დღეებში მაინც შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ სიომინმა თანაგუნდელ - ალექსანდრ ოვეჩკინთან ერთად, 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფინალურ მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ (6:2), კრასნოიარსკის ჰოკეის სკოლის აღზრდილმა ორი შაიბა გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა, რითაც თამაშის გმირი გახდა.