სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

15:24 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატი ხურდება

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი ხურდება. უმაღლესი ლიგის ათი გუნდი, შაბათ-კვირას, რეგულარული პირველობის მეორე ტურის თამაშებს გამართავს და ზოგი მიღწეული უპირატესობის განვრცობას, ზოგიც სადებიუტო გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ტურის პირველი მატჩი 14 სექტემბერს, თბილისში, სტადიონ “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება და ის ცენტრალურად შეგვიძლია მოვნათლოდ. ორივე გუნდში სეზონის წინ სასიკეთო ძვრები მოხდა, მათ პირველ ტურში გამარჯვებები მოიპოვეს და ახლა, უკეთესის გარკვევას ერთმანეთთან შეეცდებიან. ერთი კვირის წინ, არმაზელებმა “ბათუმი” დიდი ძალისხმევის გარეშე, 39:17 დაამარცხეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.

თბილისელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო მიითვალეს და 20:3 დაწინაურდნენ. მეორე  ნახევრის დასაწყისში, მათ რიგებში გამოჩნდა ახლო წარსულში “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და გუნდმა მესამე ლელო მალევე გაიტანა. დასკვნით ნახევარ საათში, გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, მაგრამ “არმაზს” გამარჯვება კი არა, პრემიალური ქულის აღებაც კი, საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია.

“ლოკომოტივის” გადახალისებულმა შემადგენლობამ, “ჯიქებთან” მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე ბოლოსღა გატეხა. მართალია, რკინიგზელები მატჩის უმეტესი დრო სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზების კუთხით მოიკოჭლებდნენ, რამაც საფინალო სასტვენამდე ათიოდე წუთით ადრე, მეტოქეს დაწინაურების შანსი მისცა. მაგრამ ბოლოს, უკეთესმა გუნდმა მაინც იმძლავრა და ჯარიმით 19:17 იმარჯვა.

17 საათზე, “შევარდენზე” ორი დამარცხებული გუნდიდან ერთ-ერთი, პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. “აკადემია” ქვეყნის ჩემპიონ “ლელოს” მასპინძლობს, რომელიც პირველ ტურში “ყოჩებს” 35 წუთის შემდეგ 13:3 ამარცხებდა, მაგრამ მერე 29 უპასუხო ქულა გაუშვა და სენსაციურად დამარცხდა - 13:32. ლევან მაისაშვილის შეგირდები, დანაკლისის შევსებას გასული პირველობის კიდევ ერთ აუტსაიდერთან ეცდებიან. აკადემიელები “არმიასთან” 9:21 კი დამარცხდნენ, მაგრამ იმდენი მოახერხეს რომ გასული პირველობის ფინალისტს, მესამე პრემიალური ლელო არ გაატანინეს.

17 საათზე დაიწყება დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი გუნდების შეხვედრა ბათუმში. “ანგისაზე” ზღვისპირელები ქუთაისის “აიას” მასპინძლობენ. მართალია, პირველ ტურში “ბათუმი” “არმაზთან” დამარცხდა, მაგრამ ამჯერად, მასპინძლის რანგში გულშემატკივრის გახარებას ეცდება. “აიამ” პირველ ტურში რუსთავის ხარები მხოლოდ 5 ქულის სხვაონით, 17:12 დაამარცხა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, ქულებიც უმეტესად ლელოს გატანით მოიპოვა (3 ლელო და 1 გარდასახვა) და რადგან თავად მხოლოდ ჯარიმები მიიღო, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. შეძლებენ თუ ვერა ქუთაისელები ლიდერობის შენარჩუნებას, ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

კვირას, 15 სექტემბერს, ორივე თამაში 17 საათზე იწყება. რუსთავის “ხარებმა” პირველ ტურში ქუთაისში რომ იბრძოლეს და იქიდან ქულა წამოიღეს, ახლა, პირველი გამარჯვების მოპოვებას საკუთარ ახალ სტადიონზე, “არმიასთან” ეცდებიან. “შევარდენზე” პირველ ტურში ბრძოლით მხოლოდ ერთი ქულის მიმღები “ჯიქები”, ბოლნისის “ყოჩებს” ეთამაშება, რომელმაც წელს კარგი სტარტი აიღო და ახლა, გულშემატკივართა იმედების გამართლებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. II რაუნდი

14 სექტემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი)

ბათუმი. “ანგისა”. 17:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)

15 სექტემბერი

რუსთავი. “ახალი”. 17:00 საათი

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

 

1 არმაზი      
1 1 0 0 39-17 5
2 აია          
1 1 0 0 17-12 5
3 ყოჩები      
1 1 0 0 32-13
4
4 არმია     
1 1 0 0 21-9 
4
5 ლოკომოტივი      
1 1 0 0 19-17 4
6 ჯიქები       
1 0 0 1 17-19
1
7 ხარები    
1 0 0 1 12-17 1
8 აკადემია   
1 0 0 1 9-21 0
9 ლელო            
1 0 0 1 13-32
0
10 ბათუმი     
1 0 0 1 17-39
0

 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.129786