ჭიდაობა

15:33 | 11.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონ-პრიზიორებმა ოფიციალური მილოცვები მიიღეს

ბუქარესტიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ვაკეში მდებარე სამბოს სპორტის სასახლეში ესტუმრა. 5-9 აპრილს ჩატარებულ ევროპირველობაზე საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა ერთობლივად 16 მედალი მოიპოვეს. ჭაბუკთა გუნდმა 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გამოიმუშავა და საერთო გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონდა. ახალგაზრდების ანგარიშზე კი 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილია.
ვარძელაშვილთან ერთად რუმინეთმოვლილ სპორტსმენებს წარმატება საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმაც მიულოცა და იქვე დასძინა, რომ უკვე შემდეგ კვირაში, ასაკობრივ და ძირითად ნაკრებებს ახალი მთავარი მწვრთნელები დაენიშნებათ. ევროპირველობაზე ქართველი სამბისტების მწვრთნელი ემილ რაში იყო, ხოლო ძირითად ნაკრებს სათავეში სამბოს ფედერაციის ექსპრეზიდენტი თემურ გიორგაძე ედგა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრთაგან ევროპის ჩემპიონები ომარ ნიაზაშვილი (70 კგ), უშანგი მარგიანი (75 კგ) და ზაურ მამარდაშვილი (87 კგ) გახდნენ. იოსებ მელაძე (52 კგ), ზაზა როსტომაშვილი (60 კგ), ლევან კირკიტაშვილი (65 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+87 კგ) თბილისში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ, ხოლო ლერი ბედიანიძე (48 კგ) და ჯონი ჭითანავა (81 კგ) – ბრინჯაოს.
ახალგაზრდებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შმაგი ლაგაზაური (62 კგ) და ამირან იანვარაშვილი (82 კგ) ავიდნენ. ავთანდილ მზარეულიშვილს (48 კგ), მიხეილ ჩოხელსა (74 კგ) და უშანგი კოკაურს (+100 კგ) ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. გიორგი მესაბლიშვილმა (57 კგ) და ალექსანდრე მილდიანმა (90 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს.
 

ოთარ მაღლაკელიძე

სპორტის სამინისტროს ფოტო

 

0.115202