ფეხბურთი

15:54 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” 40 წლის მეკარე გაიფორმა

ლონდონის ”ჩელსიმ” ავსტრალიელ მეკარე მარკ შვარცერს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 40 წლის შვარცერი ბოლო წლებში “ფულემში” თამაშობდა, ამ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა, თავისუფალი აგენტი გახდა და “არისტოკრატებმა” ის მუქთად მიიღეს. “ჩელსიმ” თავის მეორე მეკარეს, როს ტერნბულს ხელშეკრულება აღარ გაუხანგრძლივა და “ნორვიჩის” კიპერ ჯონ რადის უტრიალებდა, მაგრამ მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

მოგეხსენებათ, “ჩელსის” ძირითადი მეკარე 31 წლის პეტრ ჩეხია, შვარცერი კი სათადარიგო იქნება.

შვარცერმა კარიერა ავსტრალიაში დაიწყო. რამდენიმე წელიწადს გერმანიაშიც თამაშობდა. 1996 წლიდან კი ინგლისშია – ჯერ “ბრედფორდში”, შემდეგ - “მიდლსბროში” და ბოლოს - “ფულემში”. ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში მან მსოფლიო 2006 და 2010 წლების ჩემპიონატებზე იასპარეზა.

 

0.11403