თუ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი ლონდონის “ჩელსიში” გადავა, ის “არისტოკრატების” შემადგენლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
London Evening Standard-ის ცნობით, “ლურჯები” მზად არიან, 27 წლის მოთამაშეს ანაზღაურების სახით კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი გადაუხადონ. მანჩესტერელებმა “ჩელსის” ერთი წინადადება უკვე უარყვეს. ლონდონელები მზად იყვნენ, რუნის ტრანსფერში 27 მილიონი გადაეხადათ, მაგრამ ისინი იმედს არ კარგავენ, რომ საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწევენ.
მოცემული მომენტისთვის “არისტოკრატების” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი და ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი არიან. ისინი კვირაში 175 ათას გირვანქა სტერლინგს იღებენ.