სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ხუთდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლები ვაჟებში ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში 55 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. საქართველოს ნაკრებს მონაწილე მხოლოდ 55 კილოგრამში ჰყავს – ლერი ჭელიძემ ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს.
პირველ წრეში ჭელიძემ მონღოლ ბატბაიარ ბარსურენს ვაზარით სძლია. ავსტრალიელ მარკ ტობინსა და უზბეკ სობიტ ხუჟამოვს იპონ-იპონ გასცდა, ოქრო-ვერცხლის შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, ბრაზილიელ ვიტორ ტორენტესთან სუფთად წაგებით.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი მსუბუქწონოსანი აზერბაიჯანელ დავუდ მამადოვს დაეჭიდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელი რიუჯუ ნაგაიამასა და ფრანგი ვინსენტ მანქეს წყვილში წაგებულს შეხვდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება.