ესპანეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ჩავიმ, ბელარუსის ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ აღნიშნა, რომ ადვილი არაა თამაში, როდესაც მეტოქე თავს 10 კაცით იცავს.
“ბოლო პასის გაკეთების დროს უფრო ზუსტნი უნდა ვიყოთ. თუმცა, საბოლოო ჯამში მოვიგეთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ ნაბიჯი გადავდგით. ზოგიერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ნეგრედოს გოლმა დაგვამშვიდა. თუმცა, მეტოქის მიერ მატჩის ბოლოს გატანილმა ბურთმა ცოტა აგვანერვიულა. რთულია თამაში, როდესაც მოწინააღმდეგე 10 ფეხბურთელით თავის საჯარიმოში დგას. ვცდილობდით უფრო სწრაფად გვემოქმედა, მაგრამ ზოგჯერ ეს ძნელია” _განაცხადა ჩავიმ ესპანურ პრესასთან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ განვლილ მატჩში ჩავიმ ანგარიში 61-ე წუთზე გახსნა, ხოლო 78-ეზე ნეგრედომ მეტოქის კარი მეორედ აიღო. ბელარუსებმა სხვაობა 89-ე წუთზე შეამცირეს და გოლის ავტორი კორნილენკო აღმოჩნდა.