ფეხბურთი

13:01 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “ფეხბურთი ერთადერთია, რაც მომწონს”

 ჩავი ერნანდესს კატალონური “ბარსელონას” შემადგენლობაში თანაკლუბელთაგან ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბის ღირსებას 1998 წლიდან იცავს და ამის ფონზე გასაკვირი იყო პრესაში გამოჩენილი ცნობა, თითქოს მისი “კამპ ნოუდან” აბარგება გამორიცხული არ იყო. ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში “ბარსას” ვეტერანი ადასტურებს, რომ კარიერის მხოლოდ მშობლიურ კლუბში დასრულება სურს და კორესპონდენტის სხვა კითხვებსაც პასუხს სცემს. 

- “ბარსელონამშანსი მოგცათ ისეთი ვარსკვლავების გვერდიგვერდ გეთამაშათ, როგორებიც რონალდინიო, ლეო მესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეს ინიესტა, ნეიმარია. ამ ბრწყინვალე ფეხბურთელების გარდა, კიდევ რომელი მოთამაშის პარტნიორობას ისურვებდით?

- როდესაც ფეხბურთის ყველა ნიუანსს ბოლომდე გაითავისებ, ყოველი ჩატარებული მატჩისგან დიდ სიამოვნებას იღებ. ყოველთვის მიისწრაფი პლანეტის უძლიერეს ფეხბურთელებთან ერთად ითამაშო და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ჩემი აზრით, ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ალფრედო დი სტეფანოზე, პელესა და მარადონაზე წინ ვაყენებ. ლეო ნებისმიერ მატჩში საუკეთესოა. ყველა ჩვენთაგანი მას უნდა გავუფრთხილდეთ, რათა კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებაში დაგვეხმაროს.

- ჟურნალ Panenka-სთვის თქვენ მიერ მიცემულმა ინტერვიუმ ჩავის მიერ კარიერის სხვა კლუბში დასრულების შესახებ სპეკულაციას დაუდო სათავე. არ გსურთ სიტუაციას ნათელი მოჰფინოთ?

- ადრეც მითქვამს და გავიმეორებ – ბუცების ლურსმანზე დაკიდება “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში მინდა. ამის შემდეგ საკლუბო სტრუქტურებში ვაპირებ სამსახურის დაწყებას. “ბარსა” პლანეტის საუკეთესო გუნდია და სამომავლოდ ამ სტატუსის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანა მინდა. ბავშვობიდან მოყოლებული სხვა კლუბში ასპარეზობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემ უკანასკნელ მატჩს “კამპ ნოუზე” ჩავატარებ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა.

- პრესას რეგულარულად ეცნობით? არ გაღიზიანებთ, როდესაც ჟურნალისტები თქვენ გამონათქვამებს სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ ან სულაც ამახინჯებენ?

- არ მაღიზიანებს, რადგან კარგად ვიცნობ ჟურნალისტიკის არსს. ვიცი, რისკენ არიან მომართული მედიელები. მათი ამოცანა მწვავე დისკუსიის, კამათის პროვოცირებაა. მესმის ჟურნალისტების ამოცანა და მოტივაცია.

- თქვენ ხშირად მოგიხსენიებენ ანდრეს ინიესტასთან ერთად. უმრავლესობის საფუძვლიანი აზრით, ჩავი-ინიესტას დუეტი “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თამაშს საგრძნობლად აძლიერებს...

- დიახ, ჩვენ გვარებს ტანდემში მოიხსენიებენ და ჩემი აზრით, ეს კარგია. რამდენიმე წლის წინათ საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ მინდორზე ერთდროულად მყოფი ჩავი და ინიესტა ერთმანეთთან შეუთავსებლები ვიყავით. ჩვენ ამგვარი მიდგომის აბსურდულობა დავამტკიცეთ. ჩვენ კლუბსა და ნაკრებში ინდივიდუალური ასპექტითაც გამოვირჩევით და კოლექტიური მოქმედებითაც. იმედია, მე და ანდრესი ამგვარ თამაშს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში განვაგრძობთ.

- საუბრისას მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეთი ხართ?

- ყოველთვის მშვიდი ადამიანი ნამდვილად არ ვარ და ხშირადაც ზომაზე მეტად ვნერვიულობ. მაგრამ როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებ. მიყვარს მატჩის ანალიზი, ფეხბურთის ირგვლივ დისპუტის გამართვა ოპონენტთან. სიამოვნებას მანიჭებს სხვა გუნდების მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრების ცქერა და მათი საფეხბურთო საიდუმლოებების ამოცნობა.

- არის ისეთი რამ, რასაც წონასწორობიდან გამოჰყავხართ?

- ამგვარი არაფერია. ბედნიერი ადამიანი ვარ და თავს პრივილიგებულ პერსონადაც ვგრძნობ. საკუთარი ოცნების გუნდში ვთამაშობ, გუნდური და ინდივიდუალური პრიზები არ მაკლია. ყოველმხრივ შევეცდები, ჩემი დღევანდელი მდგომარეობა შეძლებისდაგვარად დიდხანს გაგრძელდეს.

- იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი უმთავრესი ღირსება საფეხბურთო ინტელექტია, კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?

- ბევრი რამაა დამოკიდებული ფიზიკურ მდგომარეობაზე. სხვამხრივ, ასაკის მომატებასთან ერთად მოტივაცია არ დამიკარგავს და კვლავინდებურად დიდ სიამოვნებას ვიღებ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე თამაშისგან. ფეხბურთი ერთადერთია, რაც მომწონს. სამომავლო კარიერის თვალსაზრისით ჯანმრთელობაზე ზრუნვა მმართებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, აქტიური მოთამაშის სტატუსით კიდევ რამდენ ხანს შემოვრჩები საფეხბურთო მოედანს. 

თეგებიჩავი
0.123725