ფეხბურთი

18:32 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი და ალვესი: “მოგებას ვიმსახურებდით”

“მილანთან” გამართული საჩემპიონთალიგო მატჩის (1:1) შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელთა ნაწილი დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილო დარჩა. ჩავი და დანი ალვესი, ისევე, როგორც მათი მთავარი მწვრთნელი, მიიჩნევენ, რომ კატალონიელებს მილანში მოგება მართებდათ.

“მრცხვენია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. თუმცა, “სან სიროზე” თამაში რთულია. 3 ქულას ვგეგმავდით, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ავიღეთ.

პირველი 15 წუთის გამოკლებით, მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით და სახიფათო მომენტებსაც ვქმნიდით. შესანიშნავი “ბარსელონა” ვიხილეთ. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა.

შემიძლია გითხრათ, რომ “კლასიკოს” შესანიშნავ კონდიციებში ვხვდებით. “ბარსელონა” საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს.” – ჩავის ამ სიტყვებს “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

“ვფიქრობ, კარგად ვიმუშავეთ. “მილანმა” ზედმეტად დაცვითი ტაქტიკა აირჩია და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სახიფათო მომენტი შევქმენით, მოგება დავიმსახურეთ. ზოგჯერ, ვრისკავდით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ყველა მატჩში მოგებისთვის ვთამაშობთ. თუმცა, კმაყოფილები ვართ. ცუდი შედეგი არც ფრეა. იმედი მაქვს, შემდეგი ეტაპის საგზურს რაც შეიძლება მალე გავიფორმებთ.” – ეს უკვე ალვესის სიტყვებია.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მოპოვებულმა ქულამ გაახარა ხერარდ პიკე: “მილანიდან კარგი განწყობით ვბრუნდებით. ვფიქრობ, ცდებობდნენ ის ადამიანები, ვინც ფიქრობდა, რომ “სან სიროზე” 3:0 ან 4:0 მოვიგებდით. შესაძლოა, ვინმეს ეჩვენება, რომ ამდენი მოგების შემდეგმ “სან სიროზე” ფრე წარუმატებლობაა, მაგრამ ლიდერობას ვინარჩუნებთ.”

პიკეს მსგავსად, დაფიქსირებული შედეგით კამყოფილი დარჩა “მილანის” ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო: “ბურთს იმაზე უკეთ ვფლობდით, ვიდრე “ბარსელონასთან” გამართული წინა დაპირისპირების დროს. 2-3 ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენთვის, ფრე კარგი შედეგია. მეორეს მხრივ, ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან 3 ქულის აღება გვინდოდა. თუ გუნდურ თამაშს ვაჩვენებთ, ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეგვიძლია და დღეს ეს დავამტკიცეთ.”

0.122149