სტატიები

18:01 | 1.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჩაუშესკუ და ფეხბურთი… უდიადესი დღე “სტიაუას” ისტორიაში

ეს მოხდა სევილიაში, 72000 გულშემატკივრის თვალწინ. წარმოიდგინეთ, “ბარსელონა”, ფაქტობრივად, შინ თამაშობს ჩემპიონთა თასის ფინალს და მეტოქეც არ ჰყავს ისეთი “დევ-გმირი”. ბოლოს და ბოლოს, ბუქარესტის “სტიაუაა”, რომელიც რუმინეთის ნაკრების საბაზო კლუბია, მაგრამ რუმინული ფეხბურთი რომელი მეხდამცემი იყო? ყველა ელის, რომ კატალონიური კლუბი ისტორიაში პირველად ჩაიხუტებს ჩემპიონთა თასს … ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
ძირითადი და დამატებითი დროც უგოლოდ დასრულდა. ინგლისელი ტერი ვენეიბლზის გაწვრთნილ გუნდში ბრწყინავდნენ გერმანელი ბერნდ შუსტერი, შოტლანდიელი სტივ არჩიბალდი, ანხელ პედრასა, პაკო კარასკო… “ბარსას” სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, თუმცა რუმინელთა მცველები და განსაკუთრებით, უცნობი მეკარე ჰელმუტ დუკადამი მაგრად იდგნენ.
პენალტების სერია კატალონიელთათვის ტრაგიკომიკური გამოვიდა. ურტყამენ რუმინელები - “ბარსას” მეკარე ურუტიკოეჩეა იგერიებს, ურტყამენ ბარსელონელები – დუკადამი ადგილზეა. ასე გაილია საწყისი ორ-ორი დარტყმა და ჯერ 0:0-ია. ამის შემდეგ კი ურუტიკოეჩეა ვერაფერს გახდა მარიუშ ლეკეტუშთან და გავრილ ბალინტთან, დუკადამი კი კიდევ ორ პენალტს იღებს და მორჩა! 2:0.   
ოთხიდან ოთხივე პენალტი აიღო “სტიაუას” მეკარემ, რომელიც გაგიკვირდებათ და რუმინეთის ნაკრებში… ვერ ხვდებოდა. დიახ, დუკადამს სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და ისიც ამხანაგურებში, ამ დროს კი ჩემპიონთა თასის ფინალის გმირი ხდება. ხომ წარმოგიდგენიათ რუმინელთა სიხარული? “სტიაუა” პირველი აღმოსავლეთევროპული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო!
რუმინულ გუნდში თამაშობდა ანგელ იორდანესკუც, რომელიც ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება – 90-იან წლებში შესანიშნავი ნაკრები ჰყავდა და “გენერლის” წოდებაც მიანიჭეს სამშობლოში.
დავუბრუნდეთ 1986 წლის 7 მაისს. ამ წარმოუდგენელ ტრიუმფს ერთ ძალიან გავლენიან პიროვნებას უკავშირებენ და გამოცნობა არ გაგიჭირდებათ – ეს ნიკოლაე ჩაუშესკუ გახლდათ, რომელიც 1974 წლიდან 1989 წლის მიწურულამდე იყო რუმინეთის პრეზიდენტი. ჩაუშესკუ ხომ 1989 წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს მეუღლესთან ერთად დახვრიტეს.
რუმინეთში ჩაუშესკუს ბრძანების გარეშე, რომ იტყვიან, ფოთოლიც ვერ ირხეოდა. და რა თქმა უნდა, ფეხბურთშიც სრული ძალაუფლება ჰქონდა. მისი ბრძანებით, “სტიაუა” (ქართულად “ვარსკვლავს” ნიშნავს) მთლიანად არმიის კლუბი გახდა, ფეხბურთელებს კი ჩაუშესკუს უმცროსი ვაჟი არჩევდა – ვალენტინ ჩაუშესკუ მამაზე უკეთ ერკვეოდა ფეხბურთში და ამიტომაც. რა თქმა უნდა, უცხოურ კლუბებში წასვლა წარმოუდგენელიც კი იყო, ნიკულაე ჩაუშესკუ ამას კრძლავდა. მაგალითად, 1986 წელს “ნაპოლი” 6 მილიონს იხდიდა ლეკეტუშში (იმ დროს დიდი ფული იყო), მაგრამ ბიჭი ყოფილიყო და ფეხი მოეცვალა… არა მარტო “სტიაუას”, სხვა რუმინული კლუბების ფეხბურთელებსაც არ უნდა გაეხედათ საზღვარგარეთ.    
დიქტატორი ყველა ხერხით ცდილობდა, რომ “სტიაუა” მუდმივად გამხდარიყო ქვეყნის ჩემპიონი და რუმინეთის პირველობაზე ჩაწყობილი თამაშების “კასკადი” იყო. კი, ჩაუშესკუს ჩუმ-ჩუმად კბენდნენ, მაგალითად, ბუქარესტის “დინამო” პოლიციის კლუბი იყო და ცდილობდა, “სტიუასთვის” წინააღმდეგობა გაეწია, ბოლო ტურამდე მისდევდა-ხოლმე, მაგრამ დიქტატორს ვერ სჯობდნენ. რუმინეთის ჩემპიონატსაც დიქტატორის კლანის ცნობილი წარმომადგენელი, მისი ძმა ილიე ჩაუშესკუ ”უყურებდა”.
1988 წელს “სტიაუა”-“დინამოს” ხვდებოდა თასის ფინალში და მეორე ტაიმში “ჩაუშესკუს ბიჭები” მოედნიდან გავიდნენ, ცუდი მსაჯობააო. როგორც წესი, ასეთ დროს მოედნიდან გასულ გუნდს წაგებას უთვლიან, ან უკეთეს შემთხვევაში, მატჩი უნდა გადათამაშდეს. როგორ გგონიათ, რა მოხდა? “სტიაუა” გამარჯვებულად გამოაცხადეს და თასი ჩაახუტეს.
80-იან წლებში ევროპის “ოქროს ბუცი” თითქმის გარანტირებული ჰქონდა რომელიმე რუმინელ ფეხბურთელს. იმიტომ რომ საქმეს თუ დასჭირდებოდა, მაგალითად, გავრილ ბალინტი ან როდიონ კემეტარუ 9 გოლს გაიტანდნენ ერთ მატჩში და ასე შემდეგ…   
ჰოდა, დღესაც ბევრს საუბრობენ, რომ “სტიაუას” ფეხბურთელებს ჩემპიონთა თასის ფინალის წაგება აკრძალული ჰქონდათ. ან მოგება, ან… ეს “ან” რა იყო, არავინ იცის, მაგრამ კარგი რომ არაფერი იქნებოდა, ცხადია. და როცა გუნდი გამარჯვებული დაუბრუნდა ბუქარესტს, ჩაუშესკუების კლანმა დიდი ზარ-ზეიმი მოაწყო, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს კი ზღაპრული პირობები შეუქმნა.
თუნდაც ის რად ღირს, რომ რუმინეთში მხოლოდ ჩაუშესკუს ოჯახის წევრები და “სტიაუას” წარმომადგენლები დადიოდნენ უცხოური ცინცხალ-ცინცხალი მანქანებით, სხვებს კი “დაჩიით” ჩანჩალი უწევდათ.  
    
7.05.1986. ჩემპიონთა თასის ფინალი
 სევილია. “სანჩეს პისხუანი”. 72000 მაყურებელი
სტიაუა-ბარსელონა 0:0 (პენალტებით 2:0)
სტიაუა:
დუკადამი, იოვანი, ბარბულესკუ, ბუმბესკუ, ბალანი (იორდანესკუ 72), ბელოდედიჩი, მაჟეარუ, პიცურკა (რადუ 108), ბოლონი, ლეკეტუში, ბალინტი.
მწვრთნელი: ემერიხ ენეი.  
ბარსელონა: ურუტიკოეჩეა, ხერარდო, მიგელი, ხულიო ალბერტო, მუნიოსი, ალესანკო, კარასკო, შუსტერი (მორატალა 85), პედრასა, არჩიბალდი (პიჩი ალონსო 106), მარკოსი.
მწვრთნელი: ტერი ვენეიბლსი.
მსაჯი: მიშელ ვოტრო (საფრანგეთი).
პენალტების სერიაში გაიტანეს: ლეკეტუში, ბალინტი (სტიაუა).
ვერ გაიტანეს: მაჟეარუ, ბოლონი (სტიაუა), ალესანკო , პედრასა, პიჩი ალონსო, მარკოსი (ბარსელონა).
საინტერესოა, რომ რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გეორგე ჰაჯი 1986 წლის ივნისში გადავიდა “სტიაუაში”, ასე რომ, ისტორიული ფინალის დროს გუნდში არ იყო. სამაგიეროდ, ჰაჯიმ 1986-ის ზაფხულში ევროპის სუპერთასზე გაიბრწყინა, ბუქარესტელებმა სწორედ მისი ერთადერთი გოლით მოუგეს თასების თასის მფლობელ კიევის “დინამოს”.  
ცნობილია, რომ ჰაჯი ჩაუშესკუს ოჯახს განსაკუთრებით უყვარდა. “კარპატების მარადონა” დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.   

“სტიაუა”_”ბარსელონას” ფინალის ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=Ih6oDSa3XAY&feature=related

 

ილია ნანობაშვილი
 
 

0.180214