ჭიდაობა

23:11 | 27.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა კლასიკოსებმა მსოფლიო ოქროთი გახსნეს

უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში დღეს ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრები ჩაერთნენ და საქართველოს ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ (42 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონ-პრიზიორები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ. ხალიჩაზე ხუთი ქართველი მოჭიდავეც გავიდა და მათგან კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ ზოიძემ შეძლო.
ვაჟა კრავეიშვილის გუნდის უმსუბუქესმა წევრმა საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ისე დაამარცხა, რომ ერთი სეტიც არ დაუკარგავს. ტურნირი ყირგიზი ნუზუპბეკ კასიმოვის ძლევით გახსნა, შემდეგ ირანელ მოჰამად პაიამანსა და სომეხ არტურ სიმონიანს გასცდა, ფინალში კი რუს არიფ მირზაევს აჯობა.
შმაგი ბოლქვაძეს (58 კგ) სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში ირანელი სეიედ მეისამ რამეზანის, რუსი სერგეი ემელინისა და სომეხი ავიკ გრიგორიანის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან წააგო, ბრინჯაოს შანსი კი თურქმენ არსლან ორაშევთან შეხვედრაში დაკარგა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ედნარ შავაძე (50 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილი (69 კგ) მეშვიდე ადგილზე გავიდნენ. შავაძემ ჩემპიონატი მეორე წრეში, ბულგარელ ვოტო პავლოვ ჰრისტოვთან მოგებით გახსნა. მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, ყაზახ მირამბეკ აინაგულოვთან ვეღარას გახდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ინდოელ სუნილ სუნილთან დამარცხდა. ჩხარტიშვილმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, რუს ბისლან ასაკალოვთან წაგებით. ეს უკანასკნელი მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ქართველმა მოჭიდავემ კი რეპეშაჟში უკრაინელი ანდრეი გლადკინის ძლევის შემდეგ თურქ ისმაილ ერგანთან წააგო.
კუკური კირცხალია (85 კგ) უნგრულ ლეიბზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. იაპონელი პიუტა იონაჰა კი ჩამოიცილა, მაგრამ სომეხ კარენ აბგარიანთან სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, რადგან ფინალს ვერც სომეხმა უწია.
ხვალ მედლები დარჩენილ ხუთ წონაში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი გიორგი ტოტიკაშვილი (54 კგ), ნიკა მამადაშვილი (63 კგ), ლაშა გობაძე (76 კგ) და ზურაბ გედეხაური (100 კგ) იჭიდავებენ. 46 კილოგრამში ქართულ გუნდს მონაწილე არ ეყოლება.


ოთარ მაღლაკელიძე

0.114272