ჭიდაობა

16:28 | 12.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა თურქული კურორტიდან ყველა სინჯი წამოიღეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებები თურქეთის საკურორტო ქალაქ კუშადასში ამ უქმეებზე ჩატარებული საერთაშორისო ტურნირიდან 10 მედლით ბრუნდებიან. მთავარმა მწვრთნელებმა ვაჟა კრავეიშვილმა (ბერძნულ-რომაული) და თამაზ ბენდიანიშვილმა (თავისუფალი) თურქეთში გაფართოებული შემადგენლობები იახლეს. განაცხადში ყველა კანდიდატი შეიყვანეს, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა უნდა შეარჩიონ.
ამ ასაკობრივი ჯგუფის საერთაშორისო შედეგიანობის გათვალისწინებით, კუშადასური ხვავრიელობა მაინც მოკრძალებულ შედეგად გამოიყურება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანწილად ცუდი მსაჯობის ბრალი ყოფილა.
ჭაბუკ კლასიკოსთაგან ყველაზე შედეგიანად გიორგი კურტანიძემ (46 კგ) იჭიდავა – ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გიორგი ხუჭუა (54 კგ), თეიმურაზ კვაჭაძე (58 კგ), გელა ბოლქვაძე (63 კგ) და ბექა კანდელაკი (100 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
თავისუფალთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი 76 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ჩხარტიშვილს ჰქონდა, მაგრამ ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო შმაგი თოდუამ (42 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (63 კგ), ომარ გურჯიძემ (69 კგ) და ირაკლი მწითურმა (85 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებისთვის კუშადასის ტურნირი ევროპირველობისთვის მოსამზადებელი ბოლო რეპეტიცია იყო. ბერძენ-რომაელებს წინ კიდევ ერთი შეჯიბრება აქვთ – თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 22-23 ივნისს რუსთავში გაიმართება. ევროპირველობას კი 17-22 ივლისს, პოლონეთის ქალაქი კატოვიცე უმასპინძლებს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.12029