ჭიდაობა

19:10 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა თურქული განაცხადი კიდევ უფრო გააფართოვეს

8-10 ივნისს, თურქეთის ქალაქ კუშადასში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებები ხალიჩაზე დაახლოებით 20-20 სპორტსმენით გავლენ. წინასწარი გეგმით, ორივე სტილის ნაკრების კანდიდატთა ნაწილს თურქული შეჯიბრის პარალელურად ჩასატარებელ ირანულ ტურნირზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ ირანელებმა ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო ტურნირი გააუქმეს. შესაბამისად, ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ვაჟა კრავეიშვილმა (ბერძნულ-რომაული) და თამაზ ბენდიანიშვილმა (თავისუფალი) საირანე განაცხადში შეყვანილი მოჭიდავეები თურქულ სიაში ჩაამატეს.
ბენდიანიშვილი ნაკრების კანდიდატებთან ერთად ბათუმურ შეკრებაზეა. კრავეიშვილი შეგირდებთან ერთად აჭარაში ამაღამ, მატარებლით გაემგზავრება და ორივე ნაკრები ერთად, თურქეთის გზას ხვალ, ავტობუსით დაადგება.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებისთვის კუშადასის ტურნირი ევროპირველობის ბოლო რეპეტიცია იქნება და შიდა კონკურენციის ლიდერების გამოსავლენადაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ხოლო კლასიკოსებს წინ კიდევ ერთი შეჯიბრება აქვთ – თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც 22-23 ივნისს რუსთავი უმასპინძლებს. ევროპირველობა კი 17-22 ივლისს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართება.

ოთარ მაღლაკელიძე

0.122826