საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებების მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი განაცხადები შეავსეს. სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ტურნირი 18-23 ივნისს ჩერნოგორიის ქალაქ ბარში გაიმართება და ქართული გუნდები ხალიჩაზე სრული შემადგენლობებით გავლენ. ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებშიც გამოვლინდებიან და დამოუკიდებელი ქართული ჭიდაობის ისტორიაში პირველად, ამ რანგის ტურნირში საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრებიც ჩაერთვებიან. მომავალი ტურნირი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა დამრიგებელ ემზარიოს ბენტინიდისისა და ბერძენ-რომაელთა თავკაც დავით ბედინაძისთვისაც სადებიუტო ევროპირველობა იქნება.
ბენტინიდისი შეგირდებითურთ ჩერნოგორიაში 16 ივნისს გაემგზავრება და საქმეში 18-19 ივნისს ჩაერთვება. 20-21 ივნისს გოგონები გამოავლენენ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს. შეჯიბრების ბოლო ორი დღე კი ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი ძველი წესებით უნდა ჩატარებულიყო, რადგან ახლახან დამტკიცებული სიახლეების ძირფესვიანად შესასწავლად მონაწილეებს საკმარისი დრო არ ჰქონდათ, მაგრამ ფილამ რამდენიმე დღის წინ წევრ ფედერაციებს საგანგებოდ აცნობა, რომ პირვანდელი გადაწყვეტილება შეიცვალა და ტურნირი ახალი წესებით გაიმართება.
ნაკრებების ძირითად საევროპო განაცხადებთან ერთად საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ “მსოფლიო სპორტს” იმ სათადარიგო მოჭიდავეების ჩამონათვალიც მიაწოდა, რომლებმაც შეიძლება მთავარი სიების წევრები ჩაანაცვლონ. ესენი არიან თავისუფალი სტილის მიმდევრები გიორგი ხაჩიძე (42 კგ), ვაჟა ომარაშვილი (85 კგ) და ბერძენ-რომაელები ნუგზარ წურწუმია (42 კგ), გიორგი გუჯაბიძე (58 კგ), სულიკო ვახტანგაძე (63 კგ) და ნუკრი შავაძე (76 კგ).
აქვე ძირითადი შემადგენლობებიც:
თავისუფალი ჭიდაობა
42 კგ – ალექსანდრე კილაძე
46 კგ – შმაგი თოდუა
50 კგ – გიორგი პასიკაშვილი
54 კგ – რამაზან მალაკოევი
58 კგ – რამაზ ზოიძე
63 კგ – ედვარდ ნიკოლიშვილი
69 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი
76 კგ – გიორგი გიორგობიანი
85 კგ – კონსტანტინე გაბაშვილი
100 კგ – გივი მაჭარაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
42 კგ – თორნიკე ჭელიძე
46 კგ – თემურ შავაძე
50 კგ – დათო ჩხარტიშვილი
54 კგ – გიორგი კურტანიძე
58 კგ – ლევან ქავჯარაძე
63 კგ – მინდია ბოლქვაძე
69 კგ – გიორგი მელია
76 კგ – ირაკლი თარხნიშვილი
85 კგ – გიგა ქოქოლაძე
100 კგ – ზვიად პატარიძე
ქალთა ნაკრები
38 კგ – გვანცა კარელიძე
49 კგ – ანი ნაზარაშვილი