საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ 8-11 აგვისტოს მაიამიში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. რვა წონითი კატეგორიიდან სამში: 50, 55 და 66 კილოგრამებში ტატამზე ორ-ორი ქართველი გავა, მძიმე წონაში კი ცირეკიძის გუნდს მონაწილე არ ეყოლება.
10-კაციანი განაცხადი ძირითადად ევროპის ჩემპიონატისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებით დააკომპლექტა. შეგახსენებთ, 21-23 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე რობიზონ ბეგლარიშვილი (50 კგ), კობა მჭედლიშვილი (66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) და დავით რამაზაშვილი (90 კგ) ავიდნენ. ახლახან უტრეხტში გამართულ ოლიმპიურ ფესტივალზე კი ერეკლე არხოზაშვილი (55 კგ) და გიორგი კაციაშვილი (60 კგ) ჩემპიონები გახდნენ; გიორგი ძებისაშვილმა (+90 კგ), თამაზ კირაკოზაშვილმა (73 კგ) და იესო კვირიკაშვილმა (81 კგ) მეორე ადგილები დაიკავეს; სიმონ მამარდაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ძიუდოისტებს (ძებისაშვილის გამოკლებით) თორნიკე ნაგლიაშვილი (50 კგ) და ბექა ნათათრალაშვილი (60 კგ) დაემატებიან.
მაიამის ტატამზე საქართველოს გოგონათა ნაკრებიც გავა. მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ 5-კაციან განაცხადში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორი მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ევროპირველობის მესამეადგილოსანი მზია ბებოშვილი (48 კგ), სალომე მარგიანი (48 კგ), გურანდა შოთაძე (57 კგ) და ხატია ჯანიაშვილი (63 კგ) შეიყვანა.
ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ გაემგზავრა და რამდენიმე დღე ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში ივარჯიშებს.
დაბოლოს, მსოფლიოს 2011 წლის პირველობაზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (90 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ბექა დონღვანსა (73 კგ) და შალვა ჩოჩელს (90 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ, ლევან გუგავამ (73 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შარშან სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ოლიმპიური თამაშების გამო არ გაიმართა.
საქართველოს ძიუდოისტთა ასაკობრივი ნაკრები
ვაჟები
50კგ - რობიზონ ბეგლარიშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი
55კგ - ერეკლე არხოზაშვილი და ბექა ნათათრალაშვილი
60კგ - გიორგი კაციაშვილი
66კგ- კობა მჭედლიშვილი და სიმონ მამარდაშვილი
73კგ - თამაზ კირაკოზაშვილი
81კგ - იესო კვირიკაშვილი
90კგ - დავით რამაზაშვილი
გოგონები
48კგ - მზია ბებოშვილი და სალომე მარგიანი
52კგ - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე
63კგ - ხატია ჯანაშვილი