საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ჩემპიონ-პრიზიორები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ. თამაზ ბენდიანიშვილის გუნდიდან ხალიჩაზე გიორგი პასიკაშვილი (42 კგ), შალვა ხუციშვილი (50 კგ), რაუფ შაკულოღლი (58 კგ), შალვა ჭადაშვილი (69 კგ) და ბექა როჭიკაშვილი (85 კგ) გავიდნენ. მათგან სამეულს მხოლოდ შაკულოღლი და როჭიკაშვილი მიუახლოვდნენ.
რაუფ შაკულოღლიმ ჩემპიონატი რუმინელი გეორგე გაბრიელ ბადეას ძლევით გახსნა. შემდეგ მოლდოველი ტომა ვასკანი და იაპონელი კაცუჰირო კავასეც ჩამოიცილა და ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, ინდოელ ფრაჰლად სინხ არიშთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელ ელჩინ მამადოვთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ბექა როჭიკაშვილს კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად ამერიკელი სამუელ ბრუკსის ძლევა დააკლდა. იქამდე სანუგეშო ეტაპზე უკრაინელ ბოჰდან ჰრიტსაის აჯობა. უფრო ადრე კი, ძირითად ბადეში ორი შეხვედრა ჩაატარა – უნგრელ მარტონ ტომინს გასცდა და რუს ასლან ბიბულატოვთან ვეღარას გახდა.
ჭადაშვილმა იტალიელი მარკო კარჩეა და ბულგარელი ისმაელ ენგინი კი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელმარ ისმაილოვთან წააგო და რახან ამ უკანასკნელმაც მალევე წაიფორხილა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაიკარგა.
გიორგი პასიკაშვილი (42 კგ) და შალვა ხუციშვილი (50 კგ) ჩემპიონატს თითო შეხვედრით დაემშვიდობნენ. პასიკაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი ინდოელი რამ კანვარ მანგალ კადიანი აღმოჩნდა, ხოლო ხუციშვილისთვის – იაპონელი რინია ნაკამურა.
ჭაბუკთა ნაკრების დარჩენილი ხუთი წევრი საქმეში დღეს ჩაერთვება. ხალიჩაზე რამაზ დარჩიძე (46 კგ), შოთა ფარტენაძე (54 კგ), ომარ გურჯიძე (63 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ) და გენო პეტრიაშვილი (100 კგ) გავლენ. დარჩიძე ჩემპიონატს რუს ნიურგუნ ალექსანდროვთან შეხვედრით გახსნის, ფარტენაძე ბელარუს ძიანის მაქსიმოვს შეხვდება, გურჯიძე – იტალიელ არონ კანევას, ჩხარტიშვილი – მაკედონიელ სტეფან ნიკოვსკის, ხოლო პეტრიაშვილი – უნგრელ მარჩელ კიშს.
ოთარ მაღლაკელიძე
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
სომბატჰეი (უნგრეთი)
23 აგვისტო
42 კგ
1 ზაურ უგუევი (რუსეთი)
2 აზამატ ტოიბეკი (ყაზახეთი)
3 რამ კანვარ კადიანი (ინდოეთი)
3 მიჰაი კაზაკი (მოლდოვა)
50 კგ
1 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)
2 ჰასან ვაზდანიჩარატი (ირანი)
3 რინია ნაკამურა (იაპონია)
3 ტეჯა სინხ თაკური (ინდოეთი)
58 კგ
1 ფრაჰლად სინხ არიში (ინდოეთი)
2 ჰუსეინ შახბანოვი (რუსეთი)
3 ელჩინ მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 პეიმან იარაჰმადი (ირანი)
5 რაუფ შაკულოღლი (საქართველო)
69 კგ
1 მაგომედგაჯი იმანშაპიევი (რუსეთი)
2 აზად სინხ დინეშ კუმარი (ინდოეთი)
3 რუსტამ ჯაფარიანი (უკრაინა)
3 აზამაი დაულეტბეკოვი (ყაზახეთი)
85 კგ
1 ჰატამ ალიაკბარზადე (ირანი)
2 ასლან ბიბულატოვი (რუსეთი)
3 სამუელ ბრუკსი (აშშ)
3 ფარვიზ ახუნდოვი (აზერბაიჯანი)
5 ბექა როჭიკაშვილი (საქართველო)