ჭიდაობა

18:57 | 19.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები და ახალგაზრდები მედლებით დაიხუნძლნენ

ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა 15-19 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და უმთავრესი ფავორიტი, რუსეთი უკან მოიტოვეს. ბადრი ჯანიაშვილის გუნდმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობა გუნდურ ჩათვლაში ბოლოს 17 წლის წინ მოიგეს.
ახალგაზრდების პარალელურად, ევრომედლები ჭაბუკებშიც გათამაშდა და ემილ რაშის ათეულმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ახალგაზრდულს რაოდენობრივად კი გადაუსწრო, მაგრამ მედლების ხარისხი გუნდური ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საერთო ჯამში, 20 ქართველი სამბისტისგან კვარცხლბეკს მიღმა მხოლოდ 5 დარჩა.
ახალგაზრდული გუნდიდან  ოქროს მედლებს გიორგი ნადარეიშვილი  (48 კგ), ზებედა რეხვიაშვილი  (74 კგ), ვახტანგ სარაჯიშვილი (82 კგ) და ლევან მუქერია   (+100 კგ) დაეუფლნენ. გენადი ჩირგაძე (57 კგ) და გიორგი ტაბატაძე (62 კგ) ფინალში დამარცხდნენ, ხოლო ზაზა დავაძე (90 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჭაბუკთაგან ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად გიგა გიუნაშვილმა  (56 კგ) და გოჩა ვარძელაშვილმა (65 კგ) ჩაამთავრეს. გიორგი საჩალელი (52 კგ), გიორგი კაცია (60 კგ), მიხეილ ჩოხელი (70 კგ) და სლავა რეზესიძე (+87 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ბრინჯაოს კი ლერი ჯიხვაშვილი (48 კგ) და ალექსანდრე მილდიანი (87 კგ) დაეუფლნენ.
წლევანდელი სეზონის უმთავრეს შეჯიბრს – მსოფლიოს ჩემპიონატს ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის შემოდგომაზე თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.124692