ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, დღეს "სანტიაგო ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზში, მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“სამეფო კლუბმა” ესპანელი ფეხბურთელის გერმანულ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
"გასული სეზონის ტრიუმფალურად დასრულების შემდეგ, გარემოს გამოცვლა მინდოდა. გადაწყვეტილება პერსონალურად მივიღე და გუნდში კროოსის მოსვლას არ მოუხდენია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. "კორდობას" წინააღმდეგ კროოსის თამაშმა არ გამაღიაზიანა _ გერმანელის თამაში კლუბის და ანჩელოტის გადაწყვეტილება იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე" _ განაცხადა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ესპანელმა მიუნხენის "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ჯერჯერობით, ტრანსფერის დეტალები გერმანულ კლუბს არ გაუხმაურებია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაბი "რეკორდმაისტერთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მიუნხენელები მადრიდელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდიან.
გიორგი ბალახაძე