ინტერვიუები

17:35 | 24.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: “მოუთმენლად ველი რონალდუსთან დაპირისპირებას”

 

ჩაბი ალონსომ ესპანეთის ნაკრების რიგებში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა და გატანილი 2 გოლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “ფურია როხას” მიერ ევროპირველობის ნახევარფინალის საგზურის მოპოვების საქმეში. ცხადია, საფრანგეთთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტები ყველაზე მეტად მადრიდის “რეალის” შუახაზელის პერსონით იყვნენ დაინტერესებულნი და სახელდახელო ინტევიუც ჩამოართვეს.
 
- თქვენთვის 23 ივნისი მართლაც დაუვიწყარი დღე გახდა – მეასე მატჩი ჩაატარეთ “ფურია როხას” რიგებში, დუბლი გაახერხეთ და ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გახვედით...
- მთლიანობაში გუნდმა მშვენივრად ითამაშა. ჩემთვის კი უაღრესად სასიხარულოა, ფრანგებს 2 გოლი რომ გავუტანე. მართლაც დაუვიწყარი დღე გამომივიდა.
- სამფეროვნებთან სამეოთხედფინალო შეხვედრისას იყო ისეთი მომენტები, როდესაც დაეჭვდით, ლორან ბლანის გუნდს დამატებითი დროის ან მატჩისშემდგომი პენალტების სერიის გარეშე რომ ვერ მოუგებდით?
- ნამდვილად ვერ ვიტყვით, მოწინააღმდეგის კართან დიდი რაოდენობის საგოლე მომენტები რომ შევქმენით, თუმცა, ასპარეზობის სადავეები პირველიდან ბოლო წუთამდე ხელთ გვეპყრა. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა – სასწორის პინაზე ხომ უსერიოზულესი ამოცანის გადაჭრა იყო შეგდებული. ყველაფერი ან არაფერი – ეს საპლეიოფო ეტაპის უმთავრესი პრინციპია და ჩვენ მხოლოდ მოგება, ესე იგი “ყველაფერი” გვწადდა.
- შედარებით ადრეულმა გოლმა დასახული ამოცანის გადაჭრა გაგიიოლათ?
- რასაკვირველია. ფრანგებმა ხომ თავიდანვე ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და დიდი ძალით იცავდნენ საკუთარ კარს. გოლის გაშვების შემდეგ კი ისინი შედარებით გაიხსნენ და ჩვენც შეტევის წარმოების მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა მოგვეცა.
- ფრანგებთან მატჩში მეტოქის კარს ხშირად უტევდით, სხვა დროს კი შედარებით მეტად ფრთხილობთ ხოლმე...
- მინდვრის შუაგულში პარტნიორებთა კარგად ვარ შეთამაშებული. როგორც კი იერიშში ჩართვის შანსი მომეცემა, წინ მივიწევ და დარწმუნებული ვარ, პარტნიორი დამაზღვევს. ეს მომენტი მშვიდად და დამაჯერებლად თამაშის საშუალებას მაძლევს. თანაგუნდელები თავისუფალ ზონებს მითავისუფლებდნენ და პირველი გოლიც სწორედ ამის დამსახურებაა.
- გახსოვთ ბოლოს როდის გაიტანეთ თავით?
- ასე იოლად ვერ ვიხსენებ. ვიკიპედია ხომ არ დავიხმაროთ? თავით ბოლოს “ლივერპულის” შემადგენლობაში გამოსვლისას გავიტანე. საერთოდ, მაღალი შედეგიანობით არ გამოვირჩევი, ამიტომაც ნებისმიერი გოლი კარგად და დიდხანს მახსოვს.
- “დონბას არენას” ტრიბუნებიდან ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს “ფურია როხა” ჩვეულებრივზე მეტად ფრთხილობდა...
- ფრანგების თამაში კარგად გვქონდა გაანალიზებული, თუმცა, ტაქტიკის არჩევისას მეტოქის ასპარეზობის მანერა გადამწყვეტი ფაქტორია არაა. ყოველთვის ვცდილობთ საკუთარ სტილს და პრინციპებს არ ვუღალატოთ. ხანდახან ეს უკეთ გამოგვდის, ხანაც – ნაკლებად.
- ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოგებას მუნდიალზე გამარჯვებაც მიაყოლა. არ გიჭირთ კიდევ ერთი ტრიუმფისთვის ბრძოლა? თითქოს მოტივაციაც ნაკლებია, მეტოქეები კი გააფთრებულ წინააღმდეგობას გიწევენ...
- კატეგორიაულად არ დაგეთანხმებით მოტივაციასთან დაკავშირებით. წარმატებები წარსულს ჩაბარდა და ყოველ ახალ ტურნირზე საკუთარ თავს მაქსიმალური ამოცანის გადაჭრას ვუსახავთ მიზნად. ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მოგებამ კიდევ უფრო შეგვაკავშირა და როგორც გუნდი, გაგვზარდა. თუმცა, ისისც უდაოა, რომ მეტოქეებს ჩვენი თამაში სკურპულოზურად აქვთ შესწავლილი და ყველა ხერხით “ფურია როხას” განეიტრალებას ცდილობენ.
- ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებით. მეზობლებს თქვენი საასპარეზო მანერა სხვებზე მეტად აქვთ აწონ-დაწონილი...
- ჩვენც საკუთარი ხუთი თითივით ვიცით მათი ავან-ჩავანი. აქედან გამომდინარე, საინტერესო მატჩი გველის. ცხადია, მძიმე შეხვედრა იქნება, მაგრამ ფინალამდე ერთადერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა და არაფერს დავზოგავთ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების დასაბევებლად.
- გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით კრიშტიანუ რონალდუსა და მისი მადრიდელი პარტნიორების დაპირისპირებას ელის...
- იგივეს ვიტყვი, რაც გუნდებზე ვთქვი – კრიშტიანუ კარგად გვიცნობს და ჩვენც რონალდუს “მოხარშულს” ვიცნობთ. მოუთმენლად ველი მასთან დაპირისპირებას.
 
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
 
 
0.124874