ჭიდაობა

13:17 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცენო ცენოვმა სელას გენერალური ასამბლეის შეფობა თბილისში გაიხანგრძლივა

თბილისური ევროპირველობა ჭიდაობის ევროპის ფედერაციის (სელა) გენერალური ასამბლეით გაიხსნა. დღეს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ყოველწლიური ტრადიციული ყრილობა გამართეს. დღის წესრიგში შეტანილ საკითხებში ერთ-ერთი პირველი ქართული მხარის სტუმრებისადმი მიმართვა იყო. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ დამსწრეთ საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და მაღალ დონეზე ორგანიზებულ ევროპირველობას დაჰპირდა.

საჭიდაო სამყაროს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნენად ლალოვიჩიც მიესალმა. მანაც, ყურადღება მომავალი ტურნირის ლამაზად ჩატარებაზე გაამახვილა, თუმც მოკლე კომენტარი ჭიდაობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღების თაობაზეც გააკეთა – ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩვენთვის სასურველი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოსო.

ევროპის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ცენო ცენოვმა კონფერენციის მონაწილეებს მისი ხელმძღვანელობის პერიოდში (2009-2012 წლებში) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარა. შემდეგ კი ხმის უფლების დელეგატებმა წესდებით გათვალისწინებულ რამდენიმე დეტალს უყარეს კენჭი. აბსოლუტური ერთსულოვნება ერთადერთხელ დაირღვა, როდესაც 2013 წლის გეგმის დამტკიცებას უკრაინელმა დელეგატმა არ დაუჭირა მხარი, აქაოდა, ჩვენი სახეობის პოპულარიზაციის საკითხი გეგმაში ცალკე პუნქტად უნდა იდოსო. ცენო ცენოვმა უკმაყოფილო დელეგატს აუხსნა, რომ ეს დეტალი მისთვისაც პრიორიტეტულია და ევროპის ჭიდაობის ფედერაცია ამ კუთხით მთელი რიგი სამუშაოების დაწყებას აპირებს.

დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი კი სელას აღმასრულებელი ბიუროს არჩევნები იყო. დელეგატებს თორმეტი კანდიდატიდან ექვსი სასურველი უნდა შემოეხაზათ. წინასწარი გეგმით, კანდიდატთა შორის საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა გეწაძეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა, სელას სიიდანაც ამოწერეს და სხვა ქართველით ჩანაცვლება ვეღარ მოხერხდა.

არჩევნებში მონაწილეობა 35-მა დელეგატმა მიიღო, მათგან ყველაზე მეტმა – 29-მ მხარი ცენოვს და ფინელ იუკა რაუჰალას დაუჭირა მხარი. რუს გიორგი ბრიუსოვსა და ბერძენ თეოდოროს ხამაკოსს 27-27 ხმა ერგოთ, გერმანელ კარლ-მარტინ დიტმანს – 25. აღმასრულებელ ბიუროში ადგილი ამ ხუთეულმა გაინაღდა. მეექვსე წევრის გამოსავლენად კი დანარჩენ 7 კანდიდატს შორის დამატებითი წილისყრა გაიმართა. ცნობისთვის, ბიუროს მიღმა დარჩნენ აწ უკვე ყოფილი წევრები: ლიტველი ანდრეი გრიბოედოვი და შვეიცარიელი დავიდ მარტინეტი. ეს უკანასკნელი ფილას ექსპრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის ვაჟია.

არჩევნების მეორე ტურში ყველას რუმინელმა კონსტანტინ პოტერაშ კრისტიანმა აჯობა და ახალი ბიუროც სრულად დაკომპლექტდა.

წესდების თანახმად, სელას გენერალური ასამბლეის ახალი პრეზიდენტი ბიუროს წევრებს უნდა დაესახელებინა. პროცედურას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ცენო ცენოვს უფლებამოსილების ვადა 2016 წლამდე გაუგრძელდა.

“ემოციების სიტყვებით გამოხატვა მიჭირს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ჭიდაობისთვის ასეთ მძიმე დროს, საჭიდაო სამყარომ კიდევ ერთხელ გამომიცხადა მხარდაჭერა. ყველაფერს ვიღონებ ჩვენი სახეობის წინსვლისთვის. რაც შეეხება მომავალ ევროპირველობას, დარწმუნებული ვარ, ქართველები უმაღლესი დონის ჩემპიონატით დაგვამახსოვრებენ თავს”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

 

 

0.135927