ლადო ბურდული, რომლის სატრანსფერო უფლებები სიმფეროპოლის “ტავრიას” ეკუთვნის და უკრაინაში სეზონის დაწყებამდე, უჟგოროდის “ზაკარპატიეში” გაანათხოვრეს, მომავალი წლიდან, ყირიმულ კლუბში დარჩენას აღარ აპირებს.
“ტავრიასთან” კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი მაკავშირებს, მაგრამ გუნდში დარჩენას აღარ ვაპირებ. უკრაინაში ჩემპიონატის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, სიმფეროპოლში ჩავალ და კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. წინადადება უკრაინის სამი გუნდიდან და თურქეთიდან მაქვს. იანვრის ბოლოს ყველაფერს გავარკვევ”, - განუცხადა ბურდულმა “მსოფლიო სპორტს”, როდესაც უკრაინაში დავუკავშირდით.
- “ტავრიაში” დარჩენა რატომ აღარ გსურთ?
- გუნდის მთავარი მწვრთნელი კვლავ სერგეი პუჩკოვია, რომლის გამო, სეზონის წინ “ზაკარპატიეში” გამანათხოვრეს და არა მგონია, ახალი წლიდან მან ჩემდამი დამოკიდებულება შეცვალოს. ძნელია, იმ კლუბში გაჩერება, სადაც მწვრთნელს არ უნდა რომ გათამაშოს.
- სეზონის მსვლელობისას, “ზაკარპატიეს” “ტავრიასთვის” თქვენი საიჯარო თანხა არ ჰქონდა გასტუმრებული და უჟგოროდელები ხელფასსაც არ გიხდიდნენ. ამ მხრივ ვითარება ხომ არ შეცვლილა?
- კვლავ იგივე სიტუაციაა – ფული არც “ტავრიასთვის” გადაუხდიათ და არც ჩვენთვის. ყველაფრის მიზეზი კი, კლუბებს შორის მომხდარი გაუგებრობაა. ამის გამო, მე და რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში იჯარით ვართ, მხოლოდ ვვარჯიშობთ და თამაში არ გვიწევს.
- ფაქტობრივად, სეზონის პირველი ნახევარი გაგიცდათ.
- მთლად გაცდენას ვერ დავარქმევ, რადგან 15 თამაშიდან 6 ჩავატარე, მაგრამ ბუნებრივია, უკმაყოფილო ვარ. “ზაკარპატიეში” იმისთვის გადავედი, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა.
- ვასილ გიგიაძე, რომელსაც “ტავრიაში” მეტად ენდობიან, ალბათ, ჩემპიონატის მეორე ნახევრსაც სიმფეროპოლში გაატარებს?
- თავდაპირველად, პუჩკოვი არც მას ათამშებდა, მაგრამ ახლა, თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში აყენებს და არა მგონია, გიგიაძე წავიდეს.
ლაშა თაბაგარი