ფეხბურთი

12:42 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის კლუბები ხელფასებს ზრდიან

ტელეტრანსლიაციების გაყიდვით გაზრდილი შემოსავლების წყალობით, ბუნდესლიგის კლუბების უმრავლესობამ საკუთარი ფეხბურთელების სახელფასო ფონდი გაზარდა.

მხოლოდ ორია ისეთი კლუბი, რომელმაც წინა წელთან შედარებით სახელფასო ბიუჯეტი შეამცირა, ხუთმა იგივე მაჩვენებელი შეინარჩუნა, დანარჩენებმა კი, ანაზღაურება გაზარდეს.

გასულ სეზონში კლუბებმა მოთამაშეთა ხელფასებზე ჯამში 671,1 მილიონი ევრო დახარჯეს, წელს კი, ეს მაჩვენებელი 76,5 მილიონით გაიზარდა და 747,6 მილიონი შეადგინა. 2012/2013 წლების სეზონში თითო კლუბი ანაზღაურებაზე საშუალოდ 37,3 მილიონ ევროს ხარჯავდა, მომავალ სეზონში საშუალო მაჩვენებელი 41,5 მილიონია, ანუ მატებამ 4,3 მილიონი შეადგინა.

ყველაზე მეტად ხელფასებმა დორტმუნდის “ბორუსიაში” მოიმატა - 19,5 მილიონით (48,5 მილიონიდან 68 მილიონამდე). ყველაზე დიდ ფულს ანაზღაურებაში კვლავაც “ბაიერნი” ხარჯავს. მიუნხენელებმა გასულ სეზონში 125 მილიონი დახარჯეს, მათი წლევანდელი სახელფასო ბიუჯეტი კი 140 მილიონია. 15 მილიონით მოიმატა სახელფასო ბიუჯეტმა გელზენკირხენის “შალკეშიც” (65 მილიონიდან 80 მილიონამდე). 10-მილიონიანი მატება აქვს ბერლინის “ჰერტას” – 13 მილიონიდან 23 მილიონამდე.

ხელფასები არ გაზრდილა “ვოლფსბურგში”, “ვერდერში”, “აუგსბურგში”, “ფრაიბურგსა” და “ბრაუნშვაიგში”. 3 მილიონით შემცირდა ბიუჯეტი “ჰოფენჰაიმში” – 33-იდან 30 მილიონამდე, ხოლო “შტუტგარტში” 2-მილიონიანი კლებაა – 42 მილიონიდან 40 მილიონამდე.

თეგებიბუნდესლიგა
0.126392