მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი ბუნდესლიგის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების კაპიტნებმა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანკ რიბერი დაასახელეს, ხოლო მე-2 ადგილზე “დორტმუნდის” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდვოსკი გავიდა.
2013 წელს ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგის, გერმანიის თასისა და სუპერთასის მომგები რიბერისთვის ეს პირველი ინდივიდუალური ჯილდო არაა. ის საფრანგეთისა და ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე დასახელდა.