ჩოგბურთი

13:05 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბულონის ტყის “მორიგი სიზმარი”

 პარიზის ბულონის ტყის “როლან გაროს” კორტებზე სტარტი აიღო საფრანგეთის ღია პირველობის მორიგმა გათამაშებამ. ჩოგბურთის მოყვარულთ 2 კვირის განმავლობაში ბევრი საინტერესო და მაღალოსტატური მატჩი გველის, ამჯერად კი მკითხველს საჩოგბურთო დიდი სლემის ერთ-ერთი გათამაშების ისტორიაზე გვსურს მოვუთხროთ.

უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ კიდევ ერთი სადიდსლემო შეჯიბრება საფრანგეთის ღია ჩემპიონატი 1891 წელს დაარსდა. თავდაპირველად ეს ტურნირი უცხოელთათვის “ჩაკეტილი” იყო – მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საფრანგეთის საჩოგბურთო კლუბების წევრებს ჰქონდათ. თუმცა, ერთიცაა, ამ კლუბებში გაწევრიანების უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქე-მოთამაშეებსაც ჰქონდათ, თუმცა, 1891-დან 1924 წლამდე “როლან გაროსზე” ერთადერთმა უცხოელმა ჩოგბურთელმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 1897 წლიდან მოყოლებული ერთეულ თანრიგში ქალთა ტურნირიც დაარსდა და ზედიზედ 30 წლის განმავლობაში ჩემპიონატში ფრანგი ქალბატონი პირველობას არ თმობდა.  

1925 წლიდან საფრანგეთის საჩოგბურთო ჩემპიონატი “ღია” გახდა, თუმცა, მასპინძლები კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არავის უთმობდნენ გამარჯვებულის ტიტულს. ქალთა შორის კონკურენციას სიუზან ლენგლენს ვერ უწევდნენ, მამაკაცებში კი რეგულარულად ფრანგთა კვარტეტი, “ოთხ მუშკეტერად” წოდებული მოთამაშე იმარჯვებდა. ლენგლენი (იგი 39 წლისა გარდაიცვალა) ექვს-ექვსჯერ გახდა საფრანგეთის ღია პირველობისა და უიმბლდონის შეჯიბრების ჩემპიონი, 1920 წლის ოლიმპიადაზე კი ოქროს ორი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სწორედ სიუზან ლენგლენის სახელს ატარებს “როლან გაროს” კომპლექსის  მნიშვნელობით მეორე კორტი, ცენტრალურ კორტს კი ფილიპ შატრიეს პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს. იგი ათწლეულების განმავლობაში სათავეში ედგა საფრანგეთისა და საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციებს.

“მუშკეტერთა ოთხეულს” რაც შეეხება, მასზე ცოტათი ვრცლად მოგახსენებთ. ჟან ბოროტრამ, ანრი კოშემ, რენე ლაკოსტმა და ჟაკ ბრუნიონმა საკუთარ ქვეყანას არაერთი გამარჯვება და სიხარული მოუტანეს. ჩვენ მიერ ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა ჯამში 43 სადიდსლემო ტურნირი მოიგეს, რომელთაგან ოცი ერთეულთა თანრიგში (ბრუნიონი მხოლოდ წყვილთა შორის იმარჯვებდა) გახლავთ. 1927-32 წლებში “ოთხმა მუშკეტერმა” მიჯრით დევისის თასის დაუფლებაც მოახერხა. ისიც სათქმელია, რომ დღევანდელთან შედარებით, იმხანად ამ გუნდურ შეჯიბრებას უფრო დიდი ავტორიტეტი და პრესტიჟი ჰქონდა. სწორედ “დიდი კვარტეტის” ტრიუმფულ გამოსვლას უკავშირდება “როლან გაროს” საჩოგბურთო კომპლექსის დაფუძნება. 1927 წელს საფრანგეთს დევისის თასის ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებისთვის უნდა ემასპინძლა, ქვეყანაში კი არ იყო არცერთი კომპლექსი, რომელიც სათანადოდ მიიღებდა სადევისთასო თასის გადამწყვეტ შეხვედრას. Stade Francais-ის საჩოგბურთო კლუბმა ბულონის ტყესთან სიახლოვეს საკუთრებაში მქონე ტერიტორიის სამი ჰექტარი იმ პირობით დათმო, რომ ახლადაშენებულ საჩოგბურთო კომპლექსს პირველ მსოფლიო ომში დაყუპული მფრინავის როლან გაროს სახელს მიაკუთვნებდნენ. საქმე ისაა, რომ გმირი მფრინავი ჩოგბურთელი იყო და სწორედ Stade Francais-ის კლუბის წევრი გახლდათ.

“მუშკეტერები” 1924-32 წლებში არ თმობდნენ საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონობას. სამ-სამჯერ ბოროტრამ და ლაკოსტმა იმარჯვეს, ოთხჯერ კი ტრიუმფატორი კოშე გახდა (1922-ში ტიტულს ანრი კოშე დაეუფლა), შემდეგ კი ავანსცენიდან ჩავიდნენ. კარიერის დასრულების შემდეგაც რენე ლაკოსტმა მნიშვნილოვანი წვლილი შეიტანა ჩოგბურთის შემდგომი განვითარების საქმეში. მას “ნიანგი” ჯერ კიდევ მოთამაშეობისას შეარქვეს, მოგვიანებით კი სპორტული ეკიპირების წარმოების ფირმა დააარსა და “ლაკოსტის” ნაწარმი ჩოგბურთის თანამედროვე მოთამაშეებისთვისაც კარგადაა ცნობილი. “დიდი ოთხეული” კორტიდან წასვლის შემდეგ ერთეულთა თანრიგში ფრანგებმა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს “როლან გაროს” მოგება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებულ საფრანგეთის პირველივე ღია პირველობაზე მარსელ ბერნარმა იპირველა, 1983-ში კი ჩემპიონი იანიკ ნოა გახდა, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ შოუმენობასა და მომღერლობას მიჰყო ხელი.

“როლან გაროს” ტურნირები განსაკუთრებულ ინტერესს 1968 წლიდან, “ღია ერის (ეპოქის)” შემდეგ იძენს. მას შემდეგ მოყოლებული, მამაკაცთა შორის ექვსჯერ ლეგენდარულმა შვედმა ბიორნ ბორგმა იპირველა. ამასთან ბორგმა მიჯრით ოთხჯერ შეძლო ტურნირის მოგება და ამ მაჩვენებლით, 2008 წელს შვედს ესპანელი რაფა ნადალი გაუთანაბრდა. რაფა ნადალი კი საფრანგეთის ღია პირველობაზე მოპოვებული საჩემპიონო ტიტულებით რეკორდსმენია. “მალიორკელმა ბუღამ” “როლან გაროსის” კორტებზე 2005-2008 და 2010-2012 წლებში შვიდჯერ დაისაკუთრა მთავარი პრიზი. თუკი რაფამ წლეულსაც დაიმსახურა ჩემპიონობა, მეორედ მოახერხებს მიჯრით ოთხჯერ საფრანგეთის ღია პირველობის მოგებას.

ქალთა ერთეულთა თანრიგს რაც შეეხება, ამერიკელი კრის ევერტი უკონკურენციოდაა. იგი შვიდჯერ გახდა “როლან გაროს” ტრიუმფატორი. ზედიზედ მოგებულ პირველობათა მხრივ კი სერბმა მონიკა სელეშმა და ბელგიელმა ჟუსტინ ენინმა მიჯრით სამჯერ მოახერხეს (ბალკანელმა 1990-92, ხოლო ბენილუქსელმა 2005-07 წლებში) საფრანგეთის ღია პირველობის მოგება. აქვე მარტინა ნავრატილოვაც უნდა ვახსენოთ, რომლის აქტივში შვიდი საწყვილო ტიტულია.

“როლან გაროზე” ყველაზე ხანგრძლივი მატჩები 2004 და 2010 წლებში ჩატარდა. 9 წლის წინ ფაბრის სანტოროს ანრი კლემანის დასამარცხებლად ექვსი საათი და 33 წუთი დასჭირდა. 2010-ში კი, ქალთა ტურნირში იაპონელმა კურუმი ნარა და რუმინელი მონიკა ნიკულესკუ ოთხი საათისა და 42 წუთის განმავლობაში არკვევდნენ გამარჯვებულის ვინაობას. საბოლოოდ ბედმა აზიელს გაუღიმა 4:6, 7:6, 10:8.

ბოლო ხანს ბევრს საუბრობდნენ საფრანგეთის ღია პირველობის სხვა საჩოგბურთო კომპლექსში გადატანის თაობაზე, რადგანაც “როლან გაროს” შემდგომი გაფართოება შეუძლებელია. ახალი კომპლექსის მშენებლობის მიზნით სპორტულ ჩინოვნიკთა, ისტორიკოსთა და არქიტექტორთა სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელმაც ახალი კომპლექსის აგებაზე საბოლოოდ უარი თქვა და “მხოლოდ” ახალი ხუთი ათასი გულშემატკივრის ტევადობის კორტის მშენებლობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამით ფრანგებმა დაადასტურეს საჩოგბურთო ტრადიციას დიდ პატივს რომ სცემენ.

0.115208