ჭიდაობა

12:34 | 18.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარული შანსის გამოყენებას 9 ქართველი შეეცდება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ბულგარულ სალიცენზიო ტურნირზე დასაყენებელი ექვსკაციანი შემადგენლობის მეექვსე წევრი სოფიაში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დაასახელა. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული გუნდის სახელით ხალიჩაზე სანდრო დიხამინჯია გავა. ერთ კვირაში, ჩინეთის ქალაქ ტაიუანში ჩასატარებელ ასევე სალიცენზიო ტურნირზე კი, ამავე წონაში სოსო ჯაბიძე იჭიდავებს. რაც შეეხება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ რამაზ ნოზაძეს, მისი საერთაშორისო არენაზე დაბრუნება შესაძლოა დასკვნით სალიცენზიო ტურნირზე შედგეს – 4-6 მაისს, ჰელსინკიში. თუმცა ეს საკითხი ჯერ ნაკლებად აქტუალურია.
ბულგარეთში ბეგი დარჩიამ სულ ექვსი შეგირდი იახლა - სწორედ იმ წონით კატეგორიებში, რომლებშიც კლასიკოსთა გუნდს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ჯერ არ მოუპოვებია. 55 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ გოდერძი დავითაძე იჭიდავებს, 60-ში - ფირუზ წულუკიძე, 74-ში - ზურაბ დათუნაშვილი, 84-ში - რევაზ ნადარეიშვილი, 96-ში - სანდრო დიხამინჯია, ხოლო 120-ში - სერგო გოგისვანიძე. როგორც ხედავთ, განაცხადში არ არიან ევროპის შარშანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60 კგ) და მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74 კგ). ბერძენ-რომაელთა თავკაცი მათ ჩინურ ტურნირზე დატვირთავს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების წევრთაგან ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ მანუჩარ ცხადაიას (66 კგ) აქვს.
კლასიკოსთა პარალელურად, სოფიაში სალიცენზიო ბრძოლებში თავისუფალი სტილის მიმდევრებიც ჩაერთვებიან. ქართულ გუნდს 4 წონაში უკვე განაღდებული აქვს ლონდონის საგზური - მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) ოლიმპიური ნორმატივი ცხადაიას მსგავსად, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე შეასრულეს. დარჩენილ სამ წონაში კი ნაკრების თავკაცი ზაზა თურმანიძე ამჯერად შანსს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (55 კგ), ზურაბ იაკობაშვილსა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძეს (96 კგ) მისცემს.
ხინჩეგაშვილი, იაკობაშვილი და გოგშელიძე ბულგარულ ხალიჩაზე 20 აპრილს გავლენ. 21-ში ოლიმპიური საგზურის მოპოვებას დავითაძე, წულუკიძე, დათუნაშვილი და ნადარეიშვილი შეეცდებიან, ხოლო, 22-ში – დიხამინჯია და გოგისვანიძე. სოფიას ტურნირს ქართველი მსაჯიც მოემსახურება – ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ ჯორბენაძე.
ბულგარეთში თითოეულ წონით კატეგორიაში ლონდონის ლიცენზიებს ფინალისტები მიიღებენ, ჩინეთში - სამ-სამი საუკეთესო, ხოლო ფინეთში ისევ ფინალისტები. თუ სალიცენზიო ქვოტაში ისეთი მოჭიდავე შევა, რომელსაც ოლიმპიადაზე ჭიდაობა იქამდეც განაღდებული ექნება, მაშინ ლიცენზიას ერთი საფეხურით დაბლა მდგომი სპორტსმენი მიიღებს.
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.11784