თამაშგარე

12:48 | 3.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონს მესამე შვილი უნდა. ოღონდ ახლა არა!

მთელი ევროპის პრესა გადაჭრელებულია ინფორმაციით, თითქოსდა, ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი მესამე შვილის მამა უნდა გამხდარიყო. “ჯიჯის“ მეუღლემ, ჩეხური წარმოშობის ცნობილმა მოდელმა ალიონა სერედოვამ პირველმა დაარღვია სიჩუმე და ჟურნალისტების საქმეში გასარკვევად საკუთარ სახლში სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო.
ალიონა სერედოვას თქმით, მას და “სკუადრა აძურას“ მეკარეს უკვე ჰყავთ ორი შვილი და ამ ეტაპზე მესამე ბავშვის გაჩენას არ გეგმავენ. თუმცა, ალიონამ ისიც გაამხილა, რომ ბუფონს მესამე შვილის ყოლის დიდი სურვილი აქვს და ამ სურვლს ცოლი რამდენიმე წელიწადში აუცილებლად აუსრულებს. თუმცა, ამჟამად მისი ფეხმძიმობის შესახებ ჭორებს სიმართლესთან კავშირი საერთოდ არა აქვს.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ალიონა სერედოვა უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ერთად, ფაქტობრივი ცოლ-ქმრის ცხოვრებით ცხოვრობენ, მათი ოფიციალური ჯვრისწერა სულ ახლახანს, 2011 წლის ზაფხულში შედგა. თანაცხოვრების გაოფიციალურება ჩეხი მოდელის სურვილი ყოფილა, თორემ ბუფონი ალიონასთან ცხოვრებით ჯვრისდაუწერლადაც ბედნიერი იყო.
 

0.166529