კალათბურთი

0:25 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბუდიველნიკი” შერმადინთან მოლაპარაკებას აწარმოებს

დარჩება თუ არა კიევში გიორგი ცინცაძე, ჯერჯერობით, უცნობია

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა, შესაძლოა, ახალი სეზონი უკრაინული “ბუდიველნიკის” რიგებში დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული ვებ-გვერდი Eurohoops.net ავრცელებს. როგორც ირკვევა, კიევური კლუბი და ქართველი კალათბურთელი შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა, გარიგების დეტალები არ ხმაურდება.

24 წლის შერმადინს სოლიდური ევროპული გამოცდილება გააჩნია. არცთუ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მას უკვე უთამაშია სამ გრანდში – თელ-ავივის “მაკაბიში”, ათენის “პანათინაიკოსსა” და პირეოსის “ოლიმპიაკოსში”. ამ უკანასკნელის მაისურით, გიორგიმ ევროლიგის მოგებაც მოასწრო, მანამდე კი იტალიური “კანტუს” და სლოვენიური “ოლიმპიას” ღირსებაც დაუცავს.

ცნობისთვის, ქართველ ცენტრს სწორედ ამ დღეებში დაუმთავრდა კონტრაქტი “მაკაბისთან”, საიდანაც “ოლიმპიაკოსში” გახლდათ განათხოვრებული. ამჟამად, გიორგი თავისუფალი აგენტია და საბერძნეთში დაბრუნების სურვილიც გამოთქვა, თუმცა, საქმეში “ბუდიველნიკი” ჩაერთო.

გასულ სეზონში შერმადინი ევროლიგის მატჩებში საშუალოდ 10.2 წუთში 4.4 ქულას და 2.9 მოხსნას აგროვებდა, საბერძნეთის ჩემპიონატში კი – 8.2 წუთში 3.9 ქულას და 2.1 მოხსნას.

შეგახსენებთ, რომ კიევური კლუბი პირველად ისტორიაში ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუშვეს და ცხადია, შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას გეგმავს. ჯერჯერობით, იმ შემადგენლობიდან, რომელმაც “ბუდიველნიკს” ჩემპიონობა მოუტანა, კონტრაქტი მხოლოდ ამერიკელ ლეო ლაიონსს აქვს განაღდებული.

ჯერაც უცნობია, დარჩება თუ არა უკრაინულ გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი გიორგი ცინცაძე, რომელიც გასულ სეზონში კიეველთა სასტარტო ხუთეულის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

0.120115