ინტერვიუები

16:41 | 15.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ალვეში: “მოვლენათა განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის მზად ვართ”

დღეს ევროპის ოთხ ქალაქში კონტინენტის მომავალი წლის საკვალიფიკაციო სტადიის პლეი ოფის განმეორებითი მატჩები ჩატარდება. ირლანდიამ და ხორვატიამ პირველ შეხვედრებში, გასვლაზე, დიდი ანგარიშით იმარჯვეს და უკრაინა-პოლონეთში გამგზავრების საკითხი თავიანთთვის დადებითად გადაჭრეს. მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი გაინაღდა ჩეხეთმა, რომელმაც შინ ჩერნოგორიას ორბურთიანი სხვაობით სძლია და გამოცდილ ნაკრებს ახალბედა ბალკანელებთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვთ. პრინციპში ურიგო შედეგი გასვლაზე არც პორტუგალიას უჩვენებია. პირენელებმა, მართალია, გოლი ვერ გაიტანეს, მაგრამ საკუთარ კარშიც არ გაუშვიათ და დღევანდელი დაპირისპირების წინ ფავორიტებადაც ითვლებიან. ოპტიმისტურადაა განწყობილი პორტუგალიელთა უკანახაზელი ბრუნო ალვეშიც, რომელმაც maisfutebol.iol.pt-ს მისცა ინტერვიუ. ალვეში ქომაგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, თავის მხრივ კი, მათ სოლიდურ თამაშს ჰპირდება.


- რამდენად კმაყოფილი დარჩით პირველ მატჩში ნაჩვენები შედეგით?
- ევროპის მომავალი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფი 2-რაუნდიანია, ამიტომაც ბოსნიაში გამართული ასპარეზობის შეჯამება ლისაბონური დაპირისპირების შემდეგ მოხდება. განმეორებით შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენი ერთგული გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს. პორტუგალიელ ქომაგებს მოვუწოდებ, ბალკანელებთან დაპირისპირებისას ტრიბუნებზე ისეთი ატმოსფერო შექმნან, რომელიც სტუმრებს თამაშს გაურთულებს. ბოსნიელებს ძალიან ექსპრესიული და ხმაურიანი გულშემატკივრები ჰყოლიათ. ამის გამო, მათ მინდორზე თამაში გაგვიძნელდა.
- პირველ მატჩში არცთუ ურიგო შედეგს მიაღწიეთ. უფრო მეტს ხომ არ ფიქრობდით? თუნდაც, შედეგიანი ფრის მიღწევას...
- მწვრთნელის დარიგებები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულეთ. ედინ ჯეკოსა და მისი პარტნიორების განეიტრალება მოვახერხეთ. ამასთან, არც იერიშის წარმოებას ვივიწყებდით და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით მოწინაღმდეგის კართან. სამწუხაროდ, მათი სათანადოდ რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ, თუმცა, პირველი შეხვედრის საბოლოო რეზულტატით უკმაყოფილონი არ ვართ. განმეორებით მატჩში ყველაფერი ჩვენ ხელთაა და შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
- 2 წლის წინ, ბოსნიელებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი სტადიის პლეი ოფში შეხვდით და ლისაბონურ მატჩში გოლის გატანა მოახერხეთ. ამჯერადაც ხომ არ აპირებთ თავის გამოჩენას?
- ფეხბურთში 2 ერთნაირი მატჩი არასდროსაა. ცხადია, გოლის გატანა ამჯერადაც უზომოდ გამახარებს, მაგრამ უპირველესი ამოცანა პარტნიორთა დახმარება და მათთან ერთად ევროპის მომავალი პირველობის საგზურის მოპოვებაა.
- ბოსნიელთა კარში შეგდებული ბურთი რა სიტუაციაში გაიტანეთ თუ გახსოვთ?
- ამგვარი რამ დავიწყებას არასდროს მიეცემა. კუთხურს ვაწოდებდით. ამ საფეხბურთო ელემენტის შესრულება არცთუ კარგად გამოგვივიდა და ბურთს ბალკანელები დაუეფლნენ. გუმანით ვიგრძენი, რომ ისინი რაღაც შეცდომას დაუშვებდნენ და მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე შევყოვნდი. დეკუმ მოწინააღმდეგის მცველებს ბურთი აართვა, იერიში ნანიმ გააგრძელა, რომელმაც კარის შორეულ ძელთან ბრწყინვალე პასი გამიკეთა და მეც შექმნილი სიტუაცია გოლად გარდავსახე.
- იმ მატჩის შემდეგ 2 წელი გავიდა. ბოსნიელები შეიცვალნენ?
- კვლავინდებურად ძლიერები არიან. როგორც წინა პლეი ოფის დროს, ამჯერადაც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ და დაძაბული ორთაბრძოლა მსაჯის საფინალო ნიშნამდეა მოსალოდნელი.
- სარაევოში ბოსნიელებმა რამეთი თუ გაგაკვირვეს? როგორ გგონიათ, ამჯერად მათი ტაქტიკური მონახაზი შეიცვლება?
- ჩემი აზრით, მეტოქის თამაშში სიახლეს ვერ ვიხილავთ. პირველი მატჩის შემდეგ პოლონეთ-უკრაინაში გამგზავრების შანსი ორივე ნაკრებმა შევინარჩუნეთ, ბოსნიელები კი, სავარაუდოდ, ფრთხილ ტაქტიკას აირჩევენ და კონტრშეტევების იმედად იქნებიან.
- რამდენად საფუძვლიანად ხართ მზად ბალკანელთა კონტრიერიშების მოსაგერიებლად?
- მინდვრის შუაგული აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ. სტუმრები შეეცდებიან, შეძლებისდაგვარად მეტ ხანს ფლობდნენ ბურთს. ბოსნიელები დაცვაში საიმედოდ თამაშობენ და ბურთსაც კარგად ათამაშებენ. ჩვენ მათ მაქსიმალურად მაღალი სისწრაფე უნდა შევთავაზოთ და ამოსუნთქვის საშუალება მოვუსპოთ.
- რის ხარჯზე აპირებთ დასახული ამოცანის გადაჭრას? თავიდანვე აქტიურად შეუტევთ თუ სათამაშო დროის გარკვეული ნაწილი ბოსნიელებს “აჰყვებით” და ფრთხილად იასპარეზებთ?
- მოვლენათა განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის მზად ვართ. ცხადია, ყოველმხრივ შევეცდებით, პირველებმა გავიტანოთ და შემდეგ მოწინააღმდეგეს იერიშები გავანეიტრალოთ. ისე კი, ჩვენი მიზანი მოგებაა და ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს. პორტუგალიას სათანადო გამოცდილება და კლასი ნამდვილად გააჩნია, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება რომ მოიპოვოს.
- გასული წლის შემოდგომაზე, პორტუგალიის ეროვნულ გუნდში გაურკვეველი სიტუაცია იყო. ვგულისხმობთ მთავარი მწვრთნელის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. პაულუ ბენტუს მოსვლის შემდეგ ვითარება ნორმალური გახდა?
- სადღეისოდ პორტუგალიას მეტად შეკრული და მეგობრული საფეხბურთო ნაკრები ჰყავს. ეროვნულ გუნდში არანაირი გაუგებრობა არ სუფევს და ყველანი მხოლოდ ნაკრების წარმატებაზე ვზრუნავთ.   



გოჩა კაჭარავა
 

0.121743