ჯოკოვიჩ-დელ პოტროს პირველი ნახევარფინალური წყვილის შემდეგ მეორე დუეტიც გაირკვა, რომელიც წლევანდელი უიმბლდონის ფინალისტებს გაარკვევენ. ზედიზედ მეორედ იასპარეზებს უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად შოტლანდიელი ენდი მარეი. შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა შარშანდელ უიმბლდონზე ფინალში ითამაშა. დღევანდელ მეოთხედფინალში კი 26 წლის ბრიტანელმა დრამატულ მატჩში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს სძლია 4:6, 3:6, 6:1, 6:4, 7:5.
ვერდასკომ საწყისი 2 სეტი მოიგო, მაგრამ მარეიმ ჯერ ანგარიში გააყაიმა, გადამწყვეტი, მეხუთე პარტიის მეთერთმეტე გეიმში კი ენდიმ ბრეიკი შეასრულა. ალბიონურ-პირენული დაპირისპირება 3 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა, ამ სათამაშო დროის განმავლობაში მარეიმ 14 ეისი განახორციელა და ვერდასკოსთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 9:2 გახადა. ნახევარფინალში მარეი პოლონელ ეჟი იანოვიჩს შეხვდება.
ჯოკოვიჩისა და დელ პოტროს მსგავსად, 3 სეტით მოახერხა მეოთხედფინალის მოგება იანოვიჩმა, რომელმაც თანამემამულე ლუკაშ კუბოტს 7:5, 6:4, 6:4 აჯობა. 22 წლის იანოვიჩი პირველად გავიდა ბალახის საფარის კორტი ტურნირის ნახევარფინალში და იგი პირველი მამაკაცი პოლონელი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე ასე შორს გააღწია.