მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი სამართალდამცველები მცდელობას არ აკლებენ, ლონდონის ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს, უსაფრთხოების კუთხით გარკვეული პრობლემები მაინც შეიქმნა. საბედნიეროდ სერიოზული ექსცესი არ მომხდარა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
ბრიტანელ პოლიციელებს შემთხვევით დაუკავებიათ მავანი მუქკანიანი ახალგაზრდა, რომელსაც არაბული წარმომავლობა სახეზევე ეტყობოდა. არაბ ყმაწვილს ლონდონის ერთ-ერთ სკვერში დიდი ჩანთა დაუტოვებია და იქვე, ქუჩის მეორე მხარეს ბუტერბროდის შესაძენად წასულა. პოლიციელებმა რასაკვირველია ივარაუდეს, ჩანთაში ბომბი ხომ არ დატოვაო და სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა სულ პანღურების რტყმით შეაგდეს პოლიციის მანქანაში.
ბოლოს აღმოჩნდა, რომ არაბი ბიჭი არც მეტი, არც ნაკლები, მშენებელი იყო და ჩანთაშიც სამშენებლო იარაღის მეტი არაფერი ედო. პოლიციამ ამ შემთხვევის გამო ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ უდანაშაულოდ მიბერტყილი არაბი სასამართლოში ჩივილსა და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის კომპენსაციის გადახდას მაინც მოითხოვს.