ცნობილი ამბავია, რომ მთელ მსოფლიოში სპორტსმენ ქალებში ძალზე ხშირია მკერდის კიბოს შემთხვევები. ამის მიზეზი უპირველესად ისაა, რომ სპორტული ტრავმის შემთხვევაში, ქალის დაუცველი მკერდი ადვილად კარგავს ფორმას და დაავადებაც ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს. სპორტული მედიცინა ბევრს იღწვის აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. შეიქმნა სპეციალური ხისტი აზღუდები, იყიდება სპორტსმენი ქალებისათვის სპეციალური, დამცავი ამუნიცია, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.
ერთ-ერთმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ ცოტა ხნის წინ სპორტსმენ ქალებს მეტად საინტერესო წინადადებით მიმართა. კომპანიის ახალი შეთავაზება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ქალების მკერდს საკმაოდ იაფად – თვეში 101 გირვანქა სტერლინგად დააზღვევენ და თუკი მკერდის თუნდაც მცირედი დაზიანება მოხდება, მკურნალობის სრულ ხარჯებს კომპანია თავის თავზე იღებს. ხოლო თუკი მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ყველაფერი ფატალურად დასრულდა, მაშინ კომპანია სოლიდურ საკომპენსაციო თანხას გადაუხდის სპორტსმენის ნათესავებს.
რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა ქალმა, მათ შორის მარია შარაპოვამ და ანა ივანოვიჩმა, საზეიმოდ მოაწერეს ხელი სადაზღვევო კომპანიასთან ხსენებულ ხელშეკრულებას. ეს საჯარო ხელისმოწერა, მართალია, უფრო მეტად პროექტის გაპიარებას ემსახურებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ სპორტსმენი ქალების მკერდს დაცვა ნამდვილად სჭირდება და თვეში 101 გირვანქა სტერლინგი ბევრი სპორტსმენისათვის უბრალოდ სასაცილო თანხაა.