ჭიდაობა

16:45 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოსთვის დათუნაშვილი იბრძოლებს

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 75 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები. ფინალური ბლოკის შეხვედრები, თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას ზურაბ დათუნაშვილიც (75 კგ) მიიღებს. ევროპის შარშანდელი პირველობის ვერცხლის პრიზიორი, უზბეკურ ხალიჩაზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ძირითად ბადეში დათუნაშვილმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩის (8:0), ბელარუსი ვალერი პალენსკის (4:2), ბულგარელი იავორ დიმიტროვ იანაკიევისა (2:2) და ინდოელი გურპრეტ სინგხის (7:5) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში სომეხ არსენ ჯულფალაკიანთან დამარცხდა (0:1) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს დაუპირისპირდება.

85 კილოგრამში, საქართველოს ნაკრების წევრმა ვლადიმერ გეგეშიძემ, ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ირანელ სამან ტაჰმასებისთან წაგებით და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური მოიპოვა, გეგეშიძეს ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მაგრამ რეპეშაჟის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების წევრ რამსინ აზიზსირს ვერ აჯობა და ჩემპიონატი მე-7 ადგილით დაასრულა.

ვასილ მშვილდაძე

0.118356