საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით ჩაამთავრა. ომარ გურჯიძის (69 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს თავისი წილი ბრინჯაოები ტარზან მაისურაძემ (63 კგ) და ბექა კახეთელიძემ (100 კგ) მიამატეს.
მაისურაძემ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ბულგარელ ეველინ რუსევთან სამსეტიანი დაძაბული შეხვედრის წაგებით. ამ ბრძოლამდე ქართველმა მოჭიდავემ მოლდოველი მიჰაი ბულგარუ, გერმანელი ბენჟამინ ოპიტსი და რუსი ასლან არსლანბეკოვი ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი ბელგიის სახელით მოჭიდავე აბდულა ომაროვს იოლად გაუსწორდა.
კახეთელიძემ ევროპირველობა სომეხი რუდოლფ ალექსანიანის ორ სეტში ძლევით გახსნა. სლოვაკ დავიდ ჩეხს სამსეტიან სანახაობრივ ბრძოლაში გასცდა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, თურქ იუნუშ ემრე დედესთან დაძაბულ შეხვედრაში წააგო და “ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც ბერძენ ალექსიოს კაპატანასიდისს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოუმთავრა საქმე.
დღესვე კატოვიცეს ხალიჩაზე კიდევ სამი ქართველი გავიდა, მაგრამ კვარცხლბეკს ვერც ერთმა ვერ უწია.
გიორგი ჩხარტიშვილმა (76 კგ) ევროპირველობა მე-7 ადგილით დაასრულა, ხოლო გიორგი პასიკაშვილი (46 კგ) და ლევან მურცხვალაძე (54 კგ) მე-8 და მე-11 ადგილებზე გავიდნენ. ხვალ-ზეგ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს გოგონები გამოავლენენ. 21-22 ივლისს კი საქმეში ჭაბუკი ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე