საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით და საერთო გუნდურ ჩათვლაში დაკავებული მესამე ადგილით დაასრულა. ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) ოქროსა და ლერი ჭელიძის (55 კგ) ბრინჯაოს დღეს თავისი წილი ბრინჯაო ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) მიამატა.
ინდივიდუალური პირველობისთვის გამოყოფილ ბოლო – მეოთხე დღეს, ვაჟებში ჩემპიონ-პრიზიორები ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. გია გუგავას გუნდის წევრთაგან კი ტატამზე მატიაშვილის გარდა გურამ თუშიშვილი (100 კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) გავიდნენ.
მძიმე წონაში საქართველოს ნაკრებს კენჭისყრისას აშკარად არ გაუმართლა. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის პრიზიორები ლევან მატიაშვილი (ვერცხლი) და გიორგი ზაქარიაძე (ბრინჯაო) სატურნირო ბადეში ერთად მოხვდნენ. მათი გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში კვეთდა. ქართული დაპირისპირება მართლაც შედგა. იქამდე კი ქართველი მძიმეწონოსნები დამაჯერებელი ჭიდაობით მივიდნენ.
მატიაშვილი შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ფრანგი ემრე სანალი ულამაზესი კისრულით 21 წამში გააკრა ტატამს. ზაქარიაძემ კი მეოთხედფინალამდე ორი გამარჯვება მოიპოვა: ჯერ უზბეკ ელიორ მაშარიპოვს მოუგო შებოჭვით. შემდეგ კი ბოსნიაჰერცეგოვინელ ჰარუნ სადიკოვიჩს მესამე წუთის ბოლომდე ოთხი გაფრთხილება მიაღებინა.
ქართული მეოთხედფინალის ბედიც შიდოებმა გადაწყვიტა. უილეთო შეხვედრაში მსაჯმა სულ ექვსი გაფრთხილება გამოიყენა და აქედან ოთხი ზაქარიაძეს მისცა.
მატიაშვილი ნახევარფინალში რუს ანტონ კრივობოკოვს დაეჭიდა, ვისთანაც წლეულს ევროპირველობის ფინალში დამარცხდა. რევანში არ შედგა, ამჯერადაც რუსმა იმარჯვა. პირველი წუთის მიწურულს მსაჯმა, აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში, ქართველი ძიუდოისტი უსამართლოდ გააფრთხილა. ლევანმა აქტიურად შეუტია, მაგრამ ერთ ეპიზოდში გარისკა და შებოჭვაზე მოყვა. რეპეშაჟის ფინალში კი იაპონელ ისაო კურაჰაშის ვაზარით აჯობა.
ზაქარიაძეს კვარცხლბეკზე ასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა - ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ რუან სილვასთან იუკოთი ჩამორჩენა ვაზარით სათავისოდ შეატრიალა, მაგრამ ბოლო წამებზე თავადაც ვაზარზე დავარდა. სილვამ ილეთს შებოჭვაც მოაყოლა და ქართველი მძიმეწონოსანი მეხუთე ადგილს დააჯერა.
გურამ თუშიშვილი სლოვენიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატს საწყის ეტაპზე გამოეთიშა – პირველსავე წრეში გერმანელ ლეონ შტრობერთან ჭიდაობით დაასრულა შეჯიბრება. მეორე წუთის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ანგარიში იუკო-იუკოზე იყო, მსაჯთა მაგიდამ ჩათვალა, რომ ქართველმა ძიუდოისტმა შეტევისას აკრძალული ხერხი გამოიყენა. ერთი შეხედვით, წესის დარღვევა ძნელი შესამჩნევი იყო და სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა უკმაყოფილება მოჰყვა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ნიკო ზაუტაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა.
“გურამ თუშიშვილმა სახიფათო ილეთი შეასრულა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მეტოქის ტრავმა. ასეთი ქმედება აკრძალულია, ამიტომ მსაჯები სწორედ მოიქცნენ, როდესაც ის მოხსნეს” – განაცხადა ზაუტაშვილმა.
ხვალ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, მასში რვა ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება. ევროპის ორ წარმომადგენელს შორის ერთი საქართველოა.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ლუბლიანა
ვაჟები
24 ოქტომბერი
66 კგ
1 იუუკი ჰაშიგუჩი (იაპონია)
2 შო ტატეიამა (იაპონია)
3 ჯერემი მორეირა (საფრანგეთი)
3 ადრიან გომბოცი (სლოვენია)
73 კგ
1 ანტონიო ესპოზიტო (იტალია)
2 სარვარ შომუროდოვი (უზბეკეთი)
3 გაბრიელ მენდესი (ბრაზილია)
3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)
25 ოქტომბერი
81 კგ
1 ალექსიოს ნტანაციდისი (საბერძნეთი)
2 კენია კოჰარა (იაპონია)
3 დომინიკ რესელი (გერმანია)
3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 სამატ იესენი (ყაზახეთი)
3 პატრიკ ციეჩომსკი (პოლონეთი)
3 ენრიკე სილვა (ბრაზილია)
26 ოქტომბერი
100 კგ
1 კილ რეიესი (კანადა)
2 ლიჰიუნ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
3 რიუკო ოგავა (იაპონია)
+100 კგ
1 ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი)
2 დუურენბაიარ ულზიბაიარი (მონღოლეთი)
3 რუან სილვა (ბრაზილია)
3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
5 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)
საერთო გუნდური ჩათვლა. ვაჟები
1 | იაპონია | 1 | 2 | 2 | 3 | 0 |
2 | სამხრეთ კორეა | 1 | 1 | 0 | 0 | 0 |
3 | საქართველო | 1 | 0 | 2 | 1 | 0 |
4 | საფრანგეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 |
5 | საბერძნეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 |
6 | რუსეთი | 1 | 0 | 0 | 2 | 0 |
7 | კანადა | 1 | 0 | 0 | 1 | 0 |
8 | იტალია | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
9 | უზბეკეთი | 0 | 2 | 0 | 0 | 0 |
10 | ყაზახეთი | 0 | 1 | 0 | 2 | 1 |