სამი მედალი და ოთხი ოლიმპიური ლიცენზია – ესაა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი სტამბოლურ მსოფლიოს ჩემპიონატზე. დავით მარსაგიშვილის (84 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს დღეს თავისი წილი ბრინჯაოები დავით ხუციშვილმა (74 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) მიამატეს. ამ სამეულის გარდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მეხუთეადგილოსანმა მალხაზ ზარქუამაც (60 კგ) გაინაღდა.
დავით ხუციშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ირანელ სადეგ საედ გოუდარზისთან წაგებით. იქამდე სამი მეტოქე ჩამოიცილა: კამერუნელი რომეო ჯოუმესი, ავსტრიელი ფილიპ კრეპაზი და პოლონელი კრისტიან ბრზოზოვსკი. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბელარუსის სახელით მოჭიდავე მურად გაიდაროვს მოუგო და ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდა. ბრინჯაოს მედალი კი ყაზახი აბდულხაკიმ შაპიევის ძლევით მოიპოვა. სამპერიოდიანი შეხვედრის პირველი პერიოდი შაპიევმა 5:1 მოიგო. მეორე-მესამე კი ხუციშვილის უპირატესობისა და მისი მეტოქის რისკიანი პასიურობის მიუხედავად, უქულოდ გაილია და ორივეჯერ საქმე ბურთულის ამოღებამდე მივიდა. ფერი ორჯერვე ქართველს დაუჯდა და ეს შანსი გამოიყენა კიდეც.
დავით მოძმანაშვილმა მსოფლიოს პირველობა ირანელი ფარიდ პაპოუ მასუმი ვალადის ძლევით გახსნა. შემდეგ იაპონელ ნობუიოში არაკიდას აჯობა. მეოთხედფინალში კი ბელარუს ალექსეი შემაროვთან დაძაბულ შეხვედრაში წააგო და მას შემდეგ, რაც შემაროვი ფინალში გავიდა, რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო. თურქ ფათიჰ ჩაკიროღლუსთან მოგებით ლონდონი 2012-ის საგზური მიიღო, “ბრინჯაოს ფინალში” კი ხუციშვილის მსგავსად, ბურთულის ფერში მასაც გაუმართლა - ამერიკელ ტერველ ივაილოვ დლაგნევს სამ პერიოდში სძლია.
დღესვე თურქულ ხალიჩაზე 66 კილოგრამში მოჭიდავე შალვა მუზიაშვილიც გავიდა, მაგრამ ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ბელარუს ალი შაბანაუსთან წაგებით.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ზაზა თურმანიძის შვიდეულმა 34 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილი დაიკავა. საუკეთესო რუსეთი გახდა, 43 ქულით. მეორე-მეოთხე ადგილებზე კი ირანი (41), აშშ (38) და აზერბაიჯანი (37) გადანაწილდნენ.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
სტამბოლი
18 სექტემბერი
66 კგ
1 მეჰდი ტაგავი კერმანი (ირანი)
2 ტაცუჰირო იონემიცუ (იაპონია)
3 ლივან ლოპეზ აზკუი (კუბა)
3 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
74 კგ
1 ჯორდან ბუროუსი (აშშ)
2 სადეგ საედ გოუდარზი (ირანი)
3 დავით ხუციშვილი (საქართველო)
3 აშრაფ ალიევი (აზერბაიჯანი)
120 კგ
1 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)
2 ბილიალ მახოვი (რუსეთი)
3 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 43
2 ირანი 41
3 აშშ 38
4 აზერბაიჯანი 37
5 საქართველო 34
6 ყაზახეთი 29
7 იაპონია 23
8 ბელარუსი 22
9 ბულგარეთი 15
10 თურქეთი 13
ოთარ მაღლაკელიძე