ჭიდაობა

22:40 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ბრინჯაოს დღე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. რევაზ მინდორაშვილის გუნდის წევრთაგან პირველები ხალიჩაზე კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ) და დავით ქერაშვილი (97 კგ) გავიდნენ. ეს უკანასკნელი ევროპირველობას ერთადერთი შეხვედრით დაემშვიდობა. ხაბალაშვილმა კი ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ორივე წონაში 20-20 მონაწილე შეიკრიბა და მათგან 12-12 საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო. საქართველოს ნაკრების წევრებს კი წილისყრისას არ გაუმართლათ და პირველი წრით დაიწყეს.

კონსტანტინე ხაბალაშვილმა შეჯიბრება იტალიელი ანჯელო კოსტას იოლად ძლევით გახსნა – მეტოქეს 10 ქულა ისე აუღო, თავად ერთიც არ დაუთმია. მერვედფინალში კი ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ ყურბანალიევთან.

მას შემდეგ, რაც ყურბანალიევმა მომდევნო ორი შეხვედრაც მოიგო და ფინალში ჭიდაობა გაინაღდა, ხაბალაშვილს ბრინჯაოს გზა გაეხსნა. დამამშვიდებელი ეტაპის პირველ წრეში ქართველმა მოჭიდავემ პოლონელ არკადიუს სზეჟას 11:1 აჯობა, შემდეგ გერმანელი მარტინ დაუმიც ადვილად ჩამოიშორა – 13:2. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ბელარუს რაშიტხანაუ სურხოს დაუპირისპირდა და 11 ქულის ასაღებად 55 წამი აკმარა.

97 კილოგრამშიც რუსეთის ნაკრების წევრი ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე – დაღესტნელმა აბდუსალამ გადისოვმა ოქროს გზა ისე გაიარა, რიგიან წინააღმდეგობას არავისგან შეხვედრია.

მერვედფინალში გადისოვისა და დავით ქერაშვილის გზები კვეთდნენ ერთმანეთს, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრმა იქამდე მისვლა ვერ შეძლო – პირველსავე წრეში 1:2 წააგო გერმანიის ნაკრების წევრ ვილიამ ჰარტთან.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 57 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს ამ წონებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ბექა ლომთაძე წარმოადგენენ.

 

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ვანტაა. ფინეთი

1 აპრილი

 

65 კგ

1 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)

2 სერვეტ ჩოსკუნი (თურქეთი)

3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)

3 ბორისლავ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი)

 

97 კგ

1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ივან იანკოუსკი (ბელარუსი)

3 ნიკოლაე ჩებანი (მოლდოვა)


0.145072