წლევანდელი სეზონი “ლივერპულმა” კარგად დაიწყო. 9 ტურის შემდეგ 20 ქულით “ჩელსისთან” ერთად სატურნირო ცხრილში 2-3 ადგილებს იყოფს. პირველზე კი 22 ქულით “არსენალია” და მორიგ ტურში, 2 ნოემბერს, მერსისაიდელები სწორედ “მეთოფეებს” ესტუმრებიან “ემირეითსზე.”
ლივერპულელთა თავკაცი ბრენდან როჯერსი ხშირად იმეორებს ხოლმე: გუნდის რეალური ძალისა და ამბიციების შეფასება მხოლოდ მე-10 ტურის შემდეგ შიძლებაო. და აი, კალენდარმა ისე ინება, რომ პრემიერლიგის მე-10 ტურში “წითლები” ლიდერ “არსენალს” ეწვევიან. “ჩვენ გუნდს ვაშენებთ, ვიხვეწებით და მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ, - უთხრა როჯერსმა The Guardian-ს, - დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია. შაბათს ჩინებული გამარჯვება მოვიპოვეთ “ვესტ ბრომვიჩთან” (4:1), მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს, ახლა “არსენალთან” ძალიან რთული გასვლა გველის და ვფიქრობ, ეს მატჩი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. უპირველესად კი ჩვენს რეალურ ძალას და ამბიციების ადექვატურობას დაგვანახებს. ეს ერთგვარი გამოცდა იქნება ჩვენთვის, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დარჩენილ სეზონს შეიძლება სულ სხვაგვარი ოპტიმიზმით შევხედოთ.”