არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ, შესაძლოა, კვირას “ბრედას” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, 26 წლის ცენტრალური მცველის მეუღლე ფეხმიძემადაა და მიმდინარე კვირის ბოლოს გოგონას ელის.
“ეს ჩვენი პირველი შვილია. ჩემს ცოლს სურს, რომ საქართველოში იმშობიაროს და არა ჰოლანდიაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ “ბრედას” წინააღმდეგ ვითამაშებ. არავითარი დაპირებების გაცემა არ შემიძლია. ჯერ მეუღლეს უნდა დაველაპარაკო”, – განაცხადა კაშიამ.
“ზვოლესთან” შინ მოგებული (3:0) მატჩის დროს, გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც საჰაერო-სადესანტო ძალების ვეტერანი ჯონი პიტერსი და კაშია იყვნენ გამოსახული.
“გულშემატკივრების მხრიდან საუცხოო ჟესტი იყო. ეს ბევრ რამეს მმატებს”, – თქვა ქართველმა მცველმა.
“ვიტესის” საშინაო არენა “გელრედომზე” ჰოლანდიის საჰაერო-სადესანტო ძალების 69-ე წლისთავი აღნიშნეს.
“მე შევხდი ჯონი პეტერსს, რომელიც 1944 წელს არნემში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. ის დღესაც აქ იყო. მას გადავეხვიე. მეამაყება, რომ ამ ადამიანს ვიცნობ”, – განაცხადა “ვიტესის” კაპიტანმა.
გასულ კვირაში, კაშიამ საჰაერო-სადესანტო ძალების მუზეუმი მოინახულა ოსტერბეკში.
“ძველი საომარი ატრიბუტები ვნახე. კედლებზე წარსულის გმირების ფოტოები ეკიდა. ხალხი გმირებად ფეხბურთელებს, ან ესტრადის ვარსკვლავებს მიიჩნევს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ნამდვილი გმირები ისინი არიან, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის თავის გასაწირად მზად არაინ; ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყნის გადასარჩენად თავისი სიცოცხლით რისკავენ”, – ხაზი გაუსვა კაშიამ.