თამაშგარე

11:34 | 19.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგები განრისხდნენ

კოპა ამერიკას გათამაშებიდან საყვარელი გუნდის უსახელოდ გამობუნძულება როგორც არგენტინელმა, ასევე ბრაზილიელმა ქომაგებმა მკვეთრად გააპროტესტეს და ქუჩაში საკმაოდ მასშტაბური აქციები მოაწყვეს. განსაკუთრებით გაცოფებულები არგენტინელი ქომაგები იყვნენ, რადგან ზემოთ აღნიშნული ტურნირი, როგორც იცით, სწორედ არგენტინაში იმართება და არავინ მოელოდა, რომ “ალბისელესტე“ ასე შერცხვებოდა თავისივე სამშობლოში. ბუენოს აირესის ცენტრში შეკრებილმა 10 ათასამდე არგენტინელმა ქომაგმა ქვები დაუშინა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შენობას და ქვებს ამ დაწესებულების ბოსის – ხულიო გრონდონასადმი “ტკბილ-ტკბილი“ სიტყვებიც მიაყოლეს.

გუშინ ბუენოს აირესის პოლიციამ 100-მდე თავზეხელაღებული ქომაგი დააკავა, რომლებიც სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით გასამართლდებიან. ბუენოსაირესელებს არც სხვა ქალაქებში მცხოვრები არგენტინელები ჩამორჩნენ. გამოსვლები იყო როსარიოში, კორდობასა და სანტა ფეში - ქალაქში, სადაც ურუგვაის ნაკრებთან ავადსახსენებელი მატჩი შედგა. მოკლედ, ამ დღეებში “ვერცხლის ქვეყანაში“ დიდი გაწამაწიაა.
არგენტინელი გულშემატკივრების პარალელურად, ბრაზილიელმა ინჩასებმაც ქალაქ სან პაულუში დიდი ამბები დაატრილეს. ბრაზილიელებს სურთ, რომ უკვლებლივ ყველა საფეხბურთო ჩინოსანი გადადგეს და სანამ გადადგებიან, ჯერ ბოდიში მოუხადონ ხალხს არგენტინაში ნაჭამი სირცხვილის გამო. სან პაულუში ამ წუთშიც გამოსვლებია და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება, აქციიდან ფეხს არ მოიცვლიან. 
 
0.148276