ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას იმედი აქვს, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგუ კოსტა “პენტაკამპეონებს” საერთაშორისო არენაზე დაეხმარება.
კოსტას ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ორი ამხანაგური მატჩი ჩაუტარებია, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშია.
ფეხბურთელმა ზაფხულში ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და თამაში სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებში უნდა. ამის წინააღმდეგი არც ვისენტე დელ ბოსკეა.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც იუწყება, რომ სამხრეთამერიკელთა თავკაცს, ლუიშ ფელიპე სკოლარის “ატლეტიკოს” 25 წლის ფორვარდის საკუთარ გუნდში ხილვა უნდა და მის გამოძახებას ნოემბერში ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისთვის აპირებს.
თუ კოსტას ესპანელთა დამრიგებელიც უხმობს, მაშინ ბრაზილიის კონფედერაცია კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას ფიფას მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტის საშუალებით შეეცდება. ამ კომიტეტის ვერდიქტის გასაჩივრება, ფიფას დავათა გადაწყვეტის კომიტეტს შეუძლია. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ საქმე ზაფხულამდე გაიწელება და კოსტა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.