ბრაზილიის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად დააფასა ფეხბურთი და მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებთ, რომ ბრაზილიის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების აწგარდაცვლილი კაპიტნის, სოკრატესის სახელი ეწოდოს.
როგორც იცით, ბრაზილიის ახალი დედაქალაქი არცთუ დიდი ისტორიის მქონე ქალაქია და იგი ქვეყნის მთავრობამ მხოლოდ იმიტომ ააგო, რომ ბრაზილიის ორ ყველაზე დიდი და ერთმანეთზე გადაკიდებული ქალაქები - სან-პაულუ და რიო დე ჟანეირო დაეშოშმინებინა. ორივე ქალაქს ჰქონდა ბრაზილიის დედაქალაქობაზე პრეტენზია და ახალი ქალაქის აშენებით, რიოს და სან-პაულოს ხელმძღვანელები იძულებულნი გახდნენ გაჩუმებულიყვნენ.
ქალაქი ბრაზილია თავის ისტორიას სწორედ ახლა ქმნის და რა გასაკვირია, რომ ამ ისტორიისათვის ბრაზილიური კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – ბრაზილიურ ფეხბურთს იყენებს. ცოტა ხნის წინ, ამ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ასევე დიდი ფეხბურთელის, გარინჩას სახელი ეწოდა. ახლა კი, უკვე სოკრატესის გამზირიც ექნებათ. აშკარაა, რომ ბრაზილიის მესვეურებს ქალაქის განვითარების საკმაოდ სწორი და გონივრული სტრატეგია აქვთ არჩეული.