კონფედერაციის თასის გათამაშების დაწყებისთანავე ლამის მთელი ბრაზილია საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები აღშფოთებულნი არიან მთავრობის უსამართლო პოლიტიკით და მოითხოვენ მსოფლიო ჩემპიონატის მაგიერ უზარმაზარი თანხები ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სიღარიბესთან ბრძოლასა და სხვა სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს. ამჟამად არსებული ინფორმაციით, საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე დახარჯა 27 მილიარდი რეალი, რაც დაახლოებით 13,5 მილიარდი დოლარია. საპროტესტო აქციები 4 უმსხვილეს ქალაქში: ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, სან პაულუსა და ბელუ ორიზონტეში გაიმართა.
პროტესტს “ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რივალდოც გამოეხმაურა: “საწყენია, როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამდენი ფული იხარჯება, ხოლო საავადმყოფოები და სკოლები ინგრევა. ჩვენ მუნდიალი კი არა, ჯანდაცვა და განათლება გვჭირდება” – დაწერა თავის ტვიტერში რივალდომ.