აკაკი გოგიათი, რომელიც გერმანიის მე-3 ლიგის “ჰალეშერში” გამოდის, მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმი” დაინტერესდა. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.
“ბოხუმის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა დარიუშ ვოშმა, ქართველი შემტევი ნახევარმცველი 21 დეკემბერს ჩატარებული “ლაიფციგი”-“ჰალეშერის” (2:1) მატჩის დროს ნახა და გოგიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. ვოშმა ისიც აღნიშნა, რომ 21 წლის ფეხბურთელზე დამატებითი ინფორმაციაც მოიძია, რომელიც მხოლოდ პოზიტიური იყო. მას არ დაუმალავს, რომ გოგიას თაობაზე უკვე აცნობა გუნდის მთავარ მწვრთნელს პეტერ ნოირურერსა და “ბოხუმის” მენეჯერს კრისტიან ჰოშტატერს.
გოგიამ “ჰალეშერს” შარშან ზაფხულში მიაშურა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ახალი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 21 თამაშში 4 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში “ბოხუმში”, რომელსაც მეორე ბუნდესლიგაში ამჟამად მე-11 ადგილი უკავია, ალექსანდრე იაშვილი და ნიკა გელაშვილი გამოდიოდნენ.