სტატიები

18:22 | 30.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბოსტონ სელტიქსი

ბოლო სეზონები: ტოპ 4
გასულ სეზონებში “ბოსტონის” გენერალური მენეჯერის, დენი ეინჯის მისამართით კრიტიკა გახშირდა. რა თქმა უნდა, ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მართვა უდიდესი პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური ტვირთია, თუნდაც წარსულში ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო.
ეინჯმა გასულ სეზონში უარი უთხრა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ტრავმებით გატანჯულ კენდრიკ პერკინსს, რომელიც თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არარეალურ კონტრაქტს ითხოვდა, და ეს ცენტრი “ოკლაჰომაში” გაცვალა. მის მაგივრად გუნდის რიგები შეავსო უნივერსალმა ჯეფ გრინმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გულთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაინც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ რჩება.
წლეულს დაიშალა ბოსტონური დიდი ოთხეული, სასტარტოში ადგილდაკარგულმა რეი ალენმა “მაიამიში” გადასვლა გადაწყვიტა, წავიდნენ ასევე საშა პავლოვიჩი და მარკიზ დენიელსი, სამაგიეროდ, საკმაოდ სოლიდური შევსება მიიღო “სელტიქსმა” დარკო მილიჩიჩის, კორტნი ლის, ჯეისონ ტერისსა და ლეანდრო ბარბოზას დამატებით.

მთავარი მწვრთნელი: დოკ რივერსი
დოკ რივერსმა უკვე დიდი ხანია, დაუმტკიცა მთელ საკალათბურთო სამყაროს, რომ ელიტარული დონის მთავარი მწვრთნელია, რომელსაც ნებისმიერ მძიმე სიტუაციაში შეუძლია, როგორც ტაქტიკის, ასევე გუნდის სტრატეგიის წამიერად გადაწყობა და სწორი გადაწყვეტილებებით კლუბის წარმატებებამდე მიყვანა. წელს ძალზე საინტერესო იქნება თვალის მიდევნება, თუ როგორ გაუმკლავდება იმ პრობლემას, რომ რეჯონ რონდოს გარდა გუნდში არ ირიცხება არცერთი გამთამაშებელი. დოკმა განაცხადა რომ აქვს გარკვეული ჩანაფიქრები ამის თაობაზე და ჩვენც ბევრი ლოდინი ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, ხვალ გამთენიისას ხომ “მაიამი”- “ბოსტონია”.

უკანა ხაზი: რეჯონ რონდო, კორტნი ლი, პოლ პირსი
სუპერგამთამაშებლის ირგვლივ აწყობილი გუნდები ვერ ახერხებენ ჩემპიონობის მოგებას – ამ დებულებას უკვე 20 წელია ამტკიცებენ ნბა-ში და ჯერჯერობით ამართლებს. დიახ, დღესდღეობით რეჯონ რონდო გუნდის მტავარი მოქმედი ფიგურაა, მას სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული და ისიც ჰარმონიულად მართავს გუნდის თამაშს. რონდო ძალიან ძლიერია დრიბლინგში, სწრაფია და ამის ხარჯზე საკუთარი შეტევების უმრავლესობას მეტოქის სამწამიან ზონაში სლემ დანკებით ამთავრებს. დაცვაში ძალიან ძლიერია, ფაქტობრივად გაუვალი კედელია, მისი ჩაჭრები ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტორია მოწინააღმდეგეებისთვის, თუმცა მისი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ შორი დისტანციიდან ტყორცნა საერთოდ არ უვარგა, საშუალო დისტანციიდანაც კი არცთუ დამაჯერებელია. სანამ არ გამოასწორებს თამაშიდან ზუსტი ტყორცნის პროცენტულ მაჩვენებელს, მანამდე მას “დრიმ თიმში” არავინ წაიყვანს ძირითად გამთამაშებლად.
კორტნი ლი გახლავთ ძალიან დაბალანსებული, ათლეტური 2 ნომერი, რომელიც შეიძლება პერსონალური დაცვისას არცთუ ძლიერია, თუმცა გუნდური თამაშის ძალიან კარგი მცოდნეა და საკუთარ ინტერესებს არასდროს დააყენებს კლუბისაზე წინ.
“ბოსტონის” ბოლო წლების წარმატება სწორედ პოლ პირსთან ასოცირდება, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში სწორედ იგი გახლდათ გუნდის უდავო ლიდერი. დღესაც, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, იგი ძალიან სასარგებლოა “სელტიქსისთვის”. თუ ადრე სისწრაფის ხარჯზე ჩაგრავდა მეტოქეებს, ახლა უკვე უდიდესი გამოცდილების ფონზე ახერხებს ამას. იგი სტაბილურია როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციებიდან ტყორცნისას, ხშირად თამამად შედის მეტოქის სამწამიან ზონაში და იქ აქტიური ქმედებებით მეტოქეებს ფოლებით ტვირთავს. არაერთხელ გვინახავს მატჩის გადამწყვეტ მომენტებში მის “ენდ უანები” და სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთები – ეს ხომ პოლ პირსია, “ბოსტონის” დიდი კაპიტანი.

წინა ხაზი: ბრენდონ ბასი, კევინ გარნეტი
გუნდში ბრენდონ ბასისა და კევინ გარნეტის ყოლით, “სელტიქსს” ძალიან დაბალანსებული მაღლების დუეტი ყავს, რომელთაც ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სამწამიანში თამაში, ასევე შორეული დისტანციებიდან მეტოქის კალათის ამოვსება. გარნეტი თავისი მებრძოლი სულით და თავდადებით მაგალითს აძლევს მთელ კლუბს. მართალია, უკვე საკმაოდ ხანშიშესულია და ძველებურად შედეგიანი ვეღარაა შეტევაში, თუმცა დაცვაში შეუდრეკელია. იგი ერთნაირად საშიშია ბურთის როგორც საკუთარი, ასევე მეტოქის ფარიდან მოხსნებისას. ბრენდონ ბასი საკმაოდ მასიური, მოძრავი მძიმე ფორვარდია, რომელსაც წარმატებით შეუძლია ცენტრის პოზიციაზეც თამაში. თუ იგი მოახერხებს და გაცილებით აგრესიული იქნება მომავალ სეზონში, ამით ძალიან დაეხმარება “სელტიქსს”.

სათადარიგოთა სკამი: ეივერი ბრედლი, ჯეისონ ტერი, ჯეფ გრინი, ლეანდრო ბარბოზა, დარკო მილიჩიჩი, ფაბ მელო

გუნდის უკანა ხაზს სათადარიგოთა სკამიდან ტრავმამოშუშებული ეივერი ბრედლი უბრუნდება, რომელსაც რეალურად ძალუძს გუნდის თამაშის გაძლიერება, მან ხომ გასულ სეზონში სასტარტო ხუთეულიდან თვით რეი ალენი ამოაგდო. ორი სნაიპერის, ჯეისონ ტერისა და ლეანდრო ბარბოზას დამატებით, გუნდი პერიმეტრიდან უფრო სახიფათო იქნება, მცირე უყურადღებობა მეტოქის მხრიდან და ეს კალათბურთელები მყისიერად დასჯიან ჩაგდებული სამქულიანებით.
ჯეფ გრინთან დაკავშირებით დიდი მიზნები გააჩნია დოკ რივერს, მას სურს, რომ გრინი როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გამოიყენოს. პირველ ვარიანტში მან მთავარ კოზირად სიმაღლე უნდა გამოიყენოს, ხოლო მეორე - ტაქტიკური სქემისას საკუთარი სისწრაფის ხარჯძე დაჯაბნოს მეტოქეთა მძიმე ფორვარდები.
ლეანდრო ბარბოსას სახით ბრწყინვალე უკანახაზელი მივიდა “სელტიქსში”. იგი ძალიან გამოცდილია, სამქულიანების ოსტატია, მისი დამატებით გუნდის მეორე ხუთეული ერთიორად უფრო საშიში იქნება მეტოქეთათვის.
დარკო მილიჩიჩსა და ფაბ მელოს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი მხოლოდ სათადარიგო მოთამაშეთა როლისთვის არ მისულან “ბოსტონში”, არამედ მათ გაცილებით დიდი მიზნები ამოძრავებთ.

სასტარტო ხუთეული: რეჯონ რონდო, კორტნი ლი, პოლ პირსი, ბრენდონ ბასი, კევინ გარნეტი

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში

ქულები: პირსი 17,8
მოხსნები: გარნეტი 8,8
გადაცემები: რონდო 11,2
ჩაჭრები: რონდო 1,5
დაფარებები: მილიჩიჩი 1,2
დაკარგვები: რონდო 3,5

დასკვნა: დოკ რივერსს სეზონის წინ საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს, “ბოსტონის” მთავარი კოზირი გამოცდილი მოთამაშეების ყოლა და თავდადებაა. “სელტიქსი” ძირითადად დაცვით კალათბურთს თამაშობს და ეს ძალიან კარგადაც გამოსდის. წლეულს “ბოსტონი” გაძლიერდა, პირველ რიგში - სათადარიგოთა სკამზე, რაც სეზონის ბოლოს შედეგს აუცილებლად გააუმჯობესებს.
 

 

გიორგი ბარბაქაძე
 

0.161303