კალათბურთი

14:19 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიასთან მარკოიშვილის გარეშე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც დღეს სლოვენიის ქალაქ იესენიცეში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მე-2 საკონტროლო მატჩი ელის, მოედანზე კაპიტან მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე გავა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ქართულ-ბოსნიური დაპირისპირება გუშინ ცელიეში შედგა და მეტოქემ 68:63 იმარჯვა. მარკოიშვილი სწორედ აღნიშნული შეხვედრის პირველ მეოთხედში დაშავდა და მართალია, მოგვიანებით თამაშში დაბრუნება სცადა, ტრავმის გართულების შიშით, მისი დასვენება გადაწყდა.

”მანუჩარს ფეხი ბოლომდე მწყობრში არ აქვს და გადავწყვიტეთ, დღევანდელ მატჩში არ დავტვირთოთ, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ” – განაცხადა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური მაშინ შეეხმიანა, როდესაც ეროვნული გუნდი პოდჩეტრტეკიდან ლიუბლიანაში მიემგზავრებოდა.

”პოდჩეტრტეკში შეკრება დავასრულეთ და ხვალ საფრანგეთში, საერთაშორისო ტურნირიში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრებით. ახლა ლიუბლიანაში მივდივართ, სადაც სასტუმროში დავბინავდებით, ხოლო საღამოს იესენიცეში ბოსნიასთან სათამაშოდ წავალთ. მატჩის შემდეგ ლიუბლიანაში დავბრუნდებით, დილას კი გეზს საფრანგეთისკენ ავიღებთ”, - დასძინა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთა მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდების მე-6 შერკინება იქნება, ამ დროისთვის კი, გუშინდელი წარმატების კვალად, ბოსნიელები 3:2-ს იგებენ.

0.12361