ბარსელონაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ირაკლის დრო 2:03.55 წუთი გახლდათ, რითაც მან ფინალში ვერ გააღწია, თუმცა კი, ერთი ძალიან საინტერესო შედეგი დააფიქსირა.
საქმე ის გახლავთ, რომ ბრასით ცურვის დროს ქართველმა სპორტსმენმა 50-მეტრიანი დისტანცია 33.23 წამში დაფარა და ეს, შესარჩევი ეტაპის 50 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი გახლდათ. ცნობისთვის, რაიან ლოხტის მაჩვენებელი 34.26 წამი გახლდათ, მარკუს დიბლერის – 34.12, კენეტ ტოს – 33.92, ხოლო პირველ ადგილზე გასული ლასლო ჩეხის – 34.40 წამი.
დღეს, თბილისის დროით 12:54 საათზე 200 მეტრზე ბრასით ცურვაში ბოლქვაძე მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად იასპარეზებს და ამ ყველაფრის ხილვა “ევროსპორტის” პირდაპირ ეთერის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ირაკლი შესარჩევ გაცურვაში ამ დისტანციის აღიარებულ ლიდერებთან ერთად მოხვდა. კერძოდ, მსოფლიოს მოქმედი რეკორდსმენი იაპონელი იამაგუჩი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ბრიტანელი ენდრიუ ვილისი, ოლიმპიადის ფინალისტი ლიტველი ტიტენისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ლუქსემბურგელი კერნოლი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის რუსი ამალტდინოვი...
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა, შემდეგ კი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ გუშინვე მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე თავისუფალ ყაიდით ცურვაში დავით სიხარულიძემ 90 მონაწილეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა შედეგით – 51.81 წამი. ამ დისტანციაზე, ეს საქართველოს ყველა დროის მე-2 საუკეთესო შედეგია. რეკორდი თავად სიხარულიძეს ეკუთვნის – 51.64.
2 აგვისტოს, დავითი 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იცურავებს, 3 აგვისტოს კი თეონა ბოსტაშვილი 50 მეტრზე ბრასით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას.