ჭიდაობა

22:43 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ მსოფლიოს მასპინძლები არ გაახარა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზაგრებში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მედალი მოიპოვა - 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გელა ბოლქვაძე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.

ძირითად ბადეში გამოსვლა მან ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის – აზერბაიჯანელი სონან აიმირზაევის ძლევით (2:1) დაიწყო. შემდეგ სერბი ტამას სლაიერი (8:2) და რუსეთის ნაკრების წევრი მანსურ ისაევი (1:0) ჩამოიცილა. ნახევარფინალში კი ირანელ პაიამ ბოუიერთან დამარცხდა (0:1) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ტრიბუნების მხარდაჭერით შეგულიანებულ ხორვატ ფილიპ საკიჩს წარმატების პატარა შანსიც კი არ მისცა (9:0).

დღესვე მედლები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კიდევ სამ წონით კატეგორიაში: 50, 60 და 96 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს მონაწილე სამივე წონაში ჰყავდა, მაგრამ საპრიზო სამეულები ქართველთა გარეშე შეივსო.

თორნიკე ჭელიძე (50 კგ) ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგა, უკრაინელ ოლეკსეი ჟაბსკისთან წაგებით (0:8). მას შემდეგ, რაც ჟაბსკიმ ფინალის საგზური გაინაღდა, ჭელიძეს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, მაგრამ იქაც სწრაფადვე მოეცარა ხელი – ბულგარელ ნედიალკო პეტროვთან შეხვედრა 2:2 დასრულდა. ფრე კი ხელს თორნიკეს მეტოქეს აძლევდა.

96 კილოგრამში მოჭიდავე კუკური კირცხალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონელი იუტა მიაგუნის ძლევით (4:0) გახსნა. მეორე წრეში კი ბულგარელ ევგენი განჩევთან არასასურველი ფრით (1:1) დამარცხდა და ჯერ ძირითად ბადეს, ხოლო ცოტა ხანში მთლიანად ტურნირსაც დაემშვიდობა.

მურად მიქელაძე (60 კგ) ხორვატიულ ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა. მისთვის დაუძლეველი ბარიერი იაპონელი კენიჩირო ფუმიტა აღმოჩნდა (0:2).

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით საქმეში გიზო მელაძე (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (84 კგ) და ბექა კანდელაკი (120 კგ) ჩაერთვებიან.

0.115516