ინტერვიუები

9:39 | 23.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო სპარინგიც და საშვეიცარიო მზადება დაიწყება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შვეიცარიელ თანატოლებთან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება. უფრო ზუსტად, ოთარ გაბელიას იმ 21-წლამდელი ქართველი ფეხბურთელების სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი, რომელთაგან საშვეიცარიოდ 20 რჩეული ფეხბურთელის დაკომპლექტება მოხდება.
II შესარჩევ ჯგუფში ისეთი სატურნირო მდგომარეობაა, ახალგაზრდა “ჯვაროსნებს” საბოლოოდ მე-2 ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვთ. თუ ასე მოხდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანიაში გასამართ ფინალურ ეტაპზე გარანტირებულად მოხვედრას. ჯერ ერთი, ქართველები 10-დან ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანში უნდა მოხვდნენ; მეორეც, ჯგუფების პირველადგილოსნებთან ერთად, კენჭისყრით დაწყვილებულებმა (10+4) ფლეი ოფში უნდა ითამაშონ და თუ ამ ბარიერსაც გადალახავენ, მერე გაისად დანიაში სათამაშოდ წასვლა ალალი იქნება.
“მსოფლიო სპორტი” 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცს ოთარ გაბელიას 30 მაისის მატჩისთვის მზადების შესახებ გუშინ ესაუბრა.

- ბატონო ოთარ, შვეიცარიამდე უცხოურ გუნდთან სპარინგის გამართვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ამან ნაკრების უფრო მეტი პოტენციური წევრის გამოცდის საშუალება გაგიჩინათ.  
- კვირას სათამაშოდ, 26 ფეხბურთელამდე შეკრებას ველი. მათ შორის, ზოგი ძირითადი შემადგენლობიდანაც იქნება, გაცილებით მეტი კი ისეთი, რომლებიც სხვადასხვა შიდა ტურნირზე თუ ჩემპიონატზე შევარჩიე და მინდა საქმეში ვნახო. ბათუმიდანაც მოვიწვიე ბიჭები, ფოთიდან, ქუთაისიდან.
- თავდაპირველად თქვენს მიერ დასახელებული 25 ფეხბურთელიდან, ალბათ, მხოლოდ ლეგიონერები არ იქნებიან?
- ანანიძე, კვასხვაძე და ბარაბაძე ხომ დიდ ნაკრებში არიან, უნგრეთიდან ბახტაძეს, განუგრავას და თოთაძეს 24-ში გამთენიისას ველოდებით, თბილისის “დინამოდან” და “ვიტ ჯორჯიადან” ბიჭები, ალბათ, თასის ფინალის შემდეგ შემოგვიერთდებიან. ეს კი, სხვების უშუალოდ გამოცდის საშუალებას მოგვცემს.
გოცირიძეს რომ უთქვამს, თუ გაბელია შვეიცარიასთან მათამაშებს, სასწაული იქნებაო. სანამ რამეს იტყვიან, სჯობს, ყველა დაფიქრდეს - ახლა დაიწყე დუბლებში თამაში და ახლავე ძირითადში თამაშს რომ ითხოვ, მარადონა გგონია თავი? მოგებული თამაშის შემდეგ შემადგენლობის შეცვლა ძალიან რთულია - კი, პატარა კორექტივების შეტანაც არაა გამორიცხული, მაგრამ ბირთვი შენარჩუნებული იქნება.
საქართველოში მოთამაშე ბიჭების თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძირითადში ადგილი არავის აქვს. კაცს შეიძლება ძირითადში ეგონოს უკვე თავი და ისეთი “უცნობი” ფეხბურთელი გამოჩნდეს, რომ შანსი აუცილებლად უნდა მივცეთ. ასე მოხვდა ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილი, მაგრამ მაგასაც თუ ჰგონია, რომ შეუცვლელია - ძალიან შემცდარა. ასე რომ, ყველაფერი პროცესში მოხდება და არც ისეთ რამეს გამოვრიცხავ, ვისაც თავი ძირითადში აქვს წარმოდგენილი, ოც კაცშიც ვერ მოხვდეს.
ჩვენთვის არც არავის დაუვალებია, გინდა თუ არა ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვდითო, მაგრამ ხომ იცით - ქართველი მწვრთნელები რომ ვართ, მერე წამოგვაძახებენ. აბა, ვიყოთ უცხოელები - გვაცლიდნენ. ამიტომ, ჩვენ შვეიცარიასთან შეხვედრას ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ და შემადგენლობის სკურპულოზურ შერჩევას ვაწარმოებთ.
- უცხოეთიდან დამატებული ფეხბურთელებიდან ბენფიკელი ბაქარ მირცხულავას თამაში არ გქონდათ ნანახი. მისი კასეტა კლუბმა გამოგიგზავნათ, თუ სხვა წყაროს ინფორმაციას დაეყრდენით.
- მირცხულავას შემთხვევაში ვლადიმერ გუცაევის რეკომენდაციას ვენდეთ. პორტუგალიის ტურნირზე ჯერ მარჯვენა მცველად უთამაშებია, მერე მის ჩვეულ ადგილზე - დაცვის ცენტრში დაუბრუნებია და მოწონებია. მგონი, “ბენფიკაში” ტყუილად არავინ ათამაშებს ძირითადში და ჩვენც ვნახავთ. თუმცა, გარანტირებული არც მას აქვს რამე - ერთი კვირა ჩვენთან ერთად ივარჯიშებს და გამოჩნდება რა შეუძლია.
- ალბათ, მეკარეების საკითხი უკვე გადაწყვეტილი გაქვთ.
- კვასხვაძის და ბახტაძის გვეიმედება. გვინდა 19-წლამდელების ნაკრების მეკარე გიორგი ნადირაძე გამოვცადოთ, მით უფრო კვასხვაძე ეროვნულმა ნაკრებმა წაიყვანა და 26-მდე ვერ ჩამოვა, ბახტაძეც გვიან შემოგვიერთდება. ეს ბიჭი ჯერ კიდევ “ნორჩი დინამოელიდან” მახსოვს, ბოლოს დუბლების ჩემპიონატზეც რამდენჯერმე ვნახე “დინამოში”. სიმაღლეს უწუნებდნენ მას, მაგრამ რეაქცია არ აკლია და ენერგია. თურმე მოდა ყოფილა ახლა, დაბალი მეკარე ახლანდელ ფეხბურთს არ უხდებაო - ეს მაღლები ხომ “გლიჯავენ” ყველაფერს.
- მჭედლიძე თქვენი ნაკრების პოტენციური წევრია, მაგრამ ჯერ ერთხელაც ვერ გამოიყენეთ.
- ახლა გუნდში არაა და ისე ხომ არ ვათამაშებ. ისე, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მაგ ბიჭთან იმ იტალიურმა კლუბებმა დააშავეს, რომლებთანაც უშუალო კავშირი აქვს. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ფეხბურთელისთვის, შესაბამისად ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთოდ გადაწყდება. თუ მჭედილიძის ფორმაში ჩადგომამდე გვაცადეს, ხომ კარგი. უცხოელები რომ ვიყოთ, გვაცლიდნენ, ქართველებს კი “ცოცხალი რიგი გვაქვს” ნაკრების მწვრთნელობისთვის. თუ დაგვცალდა, მაგასაც ვათამაშებთ და ყველას, ვინც დაიმსახურებს.
- ხუთშაბათს სომეხმა ახალგაზრდებმა ესტონეთში მოიგეს (3:2). ამან საქართველოს შანსებზე გარკვეული გავლენა ხომ არ იქონია - რაც არ უნდა იყოს, სომხეთის ნაკრებთან თქვენს გუნდს ჯერ კიდევ წინ აქვს თამაშები.
- სომხებისგან კიდევაა მოსალოდნელი სიურპრიზები. მაგალითად ესტონეთისგან თბილისში ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი - პირველი თამაშის (0:2) შემდეგ, სადაც დიდი უპირატესობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შევძელით, მეგონა უფრო მეტი უპირატესობა გვექნებოდა. მაგრამ აქ ჩამოსულმა ესტონელებმა იმაზე უკეთ ითამაშეს (საქართველომ 2:0 მოიგო - რედ.), ვიდრე გასვლაზე შვეიცარია და ირლანდია გვეთამაშა. მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ჩვენს ჯგუფში, ისევე როგორც სხვაგან, სუსტი გუნდი არ არსებობს.
- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, რა იქნება მაქსიმუმი რის მიღწევასაც თქვენი გუნდის შეძლებს.
- ნებისმიერ გუნდი როცა იწყებს ტურნირს, რა მიზანიც არ უნდა დაგისახონ, მაქსიმუმის მისაღწევად უნდა იბრძოლო, მაგრამ სულ ჩასაფრებულივით ყოფნა, კარგი შესახედავი არ არის. როცა პერსპექტივას ხედავ და იმასაც ამჩნევ, რომ ეს ბიჭები თავს არ ზოგავენ, თუ არ შეაქებ კაცი, უსამართლო პრეტენზიებით მაინც ნუ აგვავსებ. ერთმა ტელევიზიაში დარეკა თურმე და უთქვამს - ტრაგედია ის კი არაა პირველმა ნაკრებმა რომ ვერცერთი თამაში მოიგო, ახალგაზრდულმა რომ ესტონეთთან წააგოო. არადა, შესარჩევი ციკლის პირველი თამაში იყო.
გვაცალეთ ბატონო, რა იცი მომავალში რა ხდება. მე რომ ვარ იმიტომ კი არ მწყდება გული - ნებისმიერს უნდა დავაცადოთ. ამ დროს ასეთი პასუხი მაქვს - მე თუ არ მოვწონვარ ვინმეს, ამ ახალგაზრდებს მაინც დაუფასონ გარჯა.
მერე თურქეთს დამაჯერებლად (4:0) მოვუგეთ და ხმა აღარ ამოიღეს. როცა წაგებიდან ტრაგედიას ქმნი, მოგების შემდეგ ზეიმს თუ არ გამართავ, ფაქტად მაინც დააფიქსირე. მე აქ ტელეფონით ტელევიზიაში დარეკვით “შეწუხებულ” მაყურებლებზე ვამბობ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ იმ ტელევიზიებში წაგებულზე ასე “იოლად” დარეკვას როგორ ახერხებენ, ახლაც ვერ გამიგია.
- მე-2 ადგილის აღების რეალური შანსი უკვე გაქვთ.
- მარტო ჩვენზეც არაა დამოკიდებული. კვირას თამაშობენ ესტონეთი-თურქეთი, 26-ში კი შვეიცარია-თურქეთი. თუ ამ ბოლო მატჩში შვეიცარიამ მოიგო, გასვლა უკვე გარანტირებული ექნება და მერე ჩვენი მე-2 ადგილზე გასვლის შანსიც რეალური ხდება. ჩვენ შესარჩევი ციკლის დაწყებიდან საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის ვიბრძვით და რა გამოვა ამ საქმიდან - მაყურებელმა განსაჯოს.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.121885