სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ბერძენ-რომაელებს შორის მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიც გავა და მათ წილისყრაზეც აქვე გეტყვით.
55 კილოგრამში თორნიკე ტოტიკაშვილი პირველ წრეში რუმინელ ოვიდიუ ატანასოის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, მერვედფინალში რუს სოსლან დაუროვსა და ბულგარელ ნიკოლაი ვიჩევს შორის მოგებულს შეხვდება.
საჩინო დავითაია (66 კგ) ევროპირველობას ასევე მეთექვსმეტედფინალით გახსნის და მისი პირველი მეტოქე შვედი ფრუნზე ჰარუთინიანი იქნება. ამ წყვილიდან გასული, უკრაინელ ალან ძაკაიევსა და თურქ დოგან გოკაშს შორის საუკეთესოს დაეჭიდება.
დავით ჩაკვეტაძე (84 კგ) ჩემპიონატს ბულგარელ სტანისლავ კანევთან შეხვედრით გახსნის და თუ ჩამოიცილებს, ან ესპანელ კარლოს დიასს შეხვდება, ან ხორვატ სტეპან ლავრიჩს.
მძიმე წონაში მხოლოდ 16 მონაწილე შეიკრიბა და ამრიგად, სერგო გოგისვანიძე პირდაპირ მერვედფინალით დაიწყებს. ქართველ მძიმეწონოსანს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე – რუსი ვასილი პარშინი ერგო. მეოთხედფინალში კი ამათ შორის მოგებული ბულგარელ მილოსლავ მეთოდიევსა და უნგრელ ბალინტ ლამს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები პირველი დღის შედეგებით გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდთაგან ნიკა ცეცხლაძემ (50 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, გოგიტა გოგიბერაშვილმა (60 კგ) კი მეხუთე ადგილი დაიკავა.
ოთარ მაღლაკელიძე